ფერარის პილოტები, სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი იმედოვნებენ, რომ მალე „მერსედსისთვის“ კონკურენციის გაწევას შეძლებენ. და ეს იმის მიუხედავად, რომ კანადურ რბოლაში, გაუმჯობესებულმა ძრავმა ის ეფექტი არ იქონია, რასაც მისგან ელოდნენ. არადა, მარანელოელებმა ძრავის სრულყოფისთვის მათ ხელთ არსებული რამდენიმე ტოკენი გამოიყენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომში, მეტოქის დაწევის ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ.

მაგრამ პრობლემა სულ სხვა მხრიდან მოვიდა და ძრავი არაფერ შუაში იყო. კვალიფიკაციზე ფეტელს მანქანამ უმტყუნა, რბოლისას კი რაიკონენი დატრიალდა. ამიტომ, ამჯერად კვარცხლბეკზე „ფერარის“ ვერცერთი პილოტი ვერ ვიხილეთ. და ისინ ფიქრობენ, რომ მეტი დროა საჭირო იმისათვის, რომ გაიგონ, რამდენად ეფექტური იყო ძრავის გაუმჯობესება.

Petronas-Sponsor

„ჩვენი აზრით, ყველაფერმა ისე იმუშავა, როგორც ველოდით. სასწაულებს არავინ ელის. გადავხედოთ განსხვავებას. სეზონის წინ, სხვაობა უზარმაზარი იყო, მაგრამ მას შემდეგ, ჩვენ ის შევამცირეთ. ზოგ რბოლაში მეტად, ზოგში – ნაკლებად. მოკლედ, ეს იოლი არ არის. ისინი იდიოტები არ არიან. ისინიც ცდილობენ, რომ განვითარდნენ. ჰოდა, როცა მათ ეწევი, ეს ნიშნავს, რომ მათზე მეტად განვითარდი. ეს კი ძნელია. აქამდე ჩვენ სწორი გზით ვვითარდებოდით“, – ამბობს ფეტელი.

რაიკონენი ამბობს, რომ „ფერარის“ პროგრესი, მონრეალის ტრეკის თავისებურებებმა დაფარა. ამიტომ ის მომდევნო რბოლების წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი: „ჩვენ უკეთესი შედეგის და მეტი სიჩქარის იმედი გვქონდა. ეს ტრეკი კარგად გიჩვენებს განსხვავებას და იმას, თუ რა გჭირდება დასაწევად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სიახლეები მუშაობს, თუმცა ბევრი გარჯა მოგვიწევს, რომ მანქანა მთლიანობაში გავაუმჯობესოთ. დარწმუნებული ვარ, როცა ჩვეულებრივ ტრასებზე გამოვალთ, გაცილებით ძლიერები ვიქნებით“.

Petronas-Sponsor-Footer