Ferrari-მ მის მიერ ორგანიზებული კონკურსის, „მომავლის ფერარის“ გამარჯვებულად, ვალენსიენის (საფრანგეთი) დიზაინის სკოლა ISD-რუბიკას ექვსი სტუდენტის მიერ შემუშავებული პროექტი Manifesto აირჩია. საუკეთესო პროექტებს შორის ასევე დასახელდა Ferrari FL და Ferrari de Esfera. გამარჯვებული პროექტის შემოქმედნი არიან ფრანგები – მიშელ ბარტლი, გრიმო ჟერვე, ჟან ბაპტისტ ეპინა და ბელგიელები – მიხაელ კალივიანაკისი, სტანისლას ოლეკსიაკი და უილიამ სტოკი.

ferrari-manifesto-3

კონკურსი სულ მესამედ ჩატარდა და მის ჟიურიში, „ფერარის“ დიზაინერები, ინჟინრები, ცნობილი კოლექციონერები და მრბოლები შევიდნენ. მათ შორის არიან: პაოლო პინინფარინა, სებასტიან ფეტელი, ნიკოლა ბოარი, ფრანკო ჩიმატი, ალდო კოლონეტი, როდოლფო ჯაფინო როსი, ჯეი კეი, ფლავიო მანცონი, ნიკ მეისონი, ანდრეა მილიტელო და მარკ ნიუსონი. ვალენსიენის სკოლის გარდა, კონკურსში ასევე დეტროიტის (აშშ), სეულის (სამხრეთ კორეა) და პფორცჰაიმის (გერმანია) დიზაინის სკოლების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ჟიურის შეფასებით, „მანიფესტო“ სრულყოფილებით გამოირჩევა. მისმა ავტორებმა შეძლეს ექსტერიერის, ინტერიერის და ავტომობილის მექანიკური ნაწილის ერთმანეთთან იდეალურად შეხამება. ავტომობილის კარები ეფექტური მექანიზმით იხსნება, სალონში კი მომავლის ტექნოლოგიებია გამოყენებული. ავტომობილში უმალ ამოიცნობთ „ფერარის“, თუმცა მის სტილში, მარანელოელთათვის ბევრი უცხო ელემენტია გამოყენებული.

ferrari-concept-9

ჟიურიმ ასევე გამოჰყო პფორცჰაიმელ სტუდენტ რომან ეგოროვის პროექტი FL, რომელიც მხოლოდ ინტერიერის სტილზე და ფუნქციებზეა ორიენტირებული. მათ მოიწონეს პროექტის წარმოდგენის უჩვეულო ფორმა და მომავლის სუპერ ავტომობილების ახლებულად გააზრებული კოკპიტის ინტერფეისი. სხვათა შორის, ავტორმა უარი თქვა კარბონზე და კოკპიტის გასაფორმებლად, მდიდრული მასალები გამოიყენა.

განსაკუთრებული – „პრემიო სპეჩალე“, პროექტ „დე ესფერას“, ინტერნეტ გამოკითხვით მიენიჭა. ის სეულის (კორეა) უნივერსიტეტ ჰონგიკის სტუდენტებმა ჩაე ვუკ ლიმ, ჰა კიოუნგ იეომმა და ვუ ძინ ძუნგმა შეიმუავეს.