Ferrari-ს დაწყებული აქვს სრულიად ახალი, მოდულური პლატფორმის შემუშავება, რომელსაც ერთდროულად, რამდენიმე მოდელისთვის გამოიყენებს. ამ საქმეში მარანელოელებს პარტნიორობას კომპანია Altair Product Design-ი უწევს, რომელთანაც ადრეც უმუშავია.

ახალი შასი იმ პლატფორმებთან შედარებით, რომლებსაც მარანელოელები ამჟამად იყენებენ, 15 პროცენტით მსუბუქი იქნება. ეს არ გააუარესებს სტრუქტურის სიმტკიცეს. უფრო მეტიც, ავარიებისას დაცულობა და აკუსტიკური და ვიბრო იზოლაცია, დაახლოებით 20-20 პროცენტით გაუმჯობესდება.

როგორც Altair-ის წარმოების ტექნოლოგიების დირექტორი როისტონ ჯოუნსი ამბობს, წონის შემცირება და მახასიათებლების გაუმჯობესება, სტრუქტურული ოპტიმიზაციის ხარჯზე მოხდება. საბოლოო ჯამში კი შეიმქნება პროდუქტი, რომელიც ავტომობილების შესაშურ მახასიათებლებს განაპირობებს.

ახალი შასი მოდულურიც და უნივერსალურიც იქნება. მასზე გამოუშვებენ როგორც შუაძრავიან სუპერ ავტომობილებს, ასევე წინაძრავიან, GT-ს (გრან ტურიზმო) კლასის მოდელებს. გარდა ამისა, ამავე პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება როგორც უკანა ამძრავიანი, ასევე სრულ ამძრავიანი და ჰიბრიდული მოდელების წარმოება.

McLaren-ისგან განსხვავებით, რომელიც თავისი მოდელებისთვის კარბონის მონოკოკურ უნივერსალურ სტრუქტურას იყენებს, Ferrari-ს ახალი პლატფორმა მეტწილად ალუმინისგან დამზადდება. მარანელოში ალუმინი იმ მიზეზით აირჩიეს, რომ მათი აზრით, ამ მასალით სერიული წარმოება უფრო მარტივია.

რაც შეეხება კომპანია Altair-ს, ის 1985 წელს დაარსდა და მისი პროფილი, სამრეწველო დიზაინი და სხვადასხვა პროექტების შეკვეთებით შესრულებაა. ავტოკომპანიებთან თანამშრომლობის გარდა, ის ასევე თვითმფრინავების შემუშავებაშიც ღებულობს მონაწილეობას.