ძველმანების ბაზრის მაგნატ პრესტონ ჰენის სიკვდილის შემდეგ, გაჩნდა იმის შანსი, რომ აუქციონზე გასაყიდად გამოვა ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილი, 1964 წელს გამოშვებული Ferrari 275 GTB/C Speciale. ამ ავტომობილს აქვს იმის შანსი, რომ რეკორდულ ფასად გაიყიდოს.

ჰენმა ეს ავტომობილი, შასის ნომრით 06886, 1970 წელს შეიძინა და მაშინვე თქვა, რომ მას არასდროს გაჰყიდდა. ასეც მოიქცა – მიუხედავად იმისა, რომ ყიდვა ბევრს სურდა და თან ზოგი მათგანი უზარმაზარ თანხას იხდიდა, მან სიტყვა შეასრულა. ახლა, როცა ის ცოცხალი აღარაა, ავტომობილი ალბათ გასაყიდად გამოვა. ბლუმბერგის ინფორმაციით, აუქციონების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ყვითელ „ფერარის“ რეალური შანსი აქვს იმისა, რომ მასში 100 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადონ.

ეს თითქმის ორჯერ მეტია მსოფლიოშ ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილზე. და რა აქვს ამ ავტომობილს ისეთი, რომ ვინმემ მასში ასეთი თანხა გაიმეტოს? არსებობს რამდნმე მიზეზი, რომლებიც 275 GTB/C Speciale-ს ამ ეგზემპლარს, განსაკუთრებულად ფასეულს ხდის.

275 GTB/C ერთ-ერთია იმ სამი ავტომობილიდან, რომლებიც მარანელოელებმა უძლეველი 250 GTO-ს შემცვლელად გააკეთეს. ის საგზაო 275 GTB-ს ბაზაზეა შემუშავებული. ჰენის ავტომობილი იმ სამიდან ერთადერთია, რომელმაც რბოლებში მონაწილეობა მიიღო. უფრო მეტიც, ლე მანის 1965 წლის 24-საათიან რბოლაში, GT-ს კლასში გაიმარჯვა კიდეც!

ავტომობილი აღჭურვილია 3.3-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელსაც მშრალი კარტერი აქვს და Weber-ის კარბურეტორებითაა აღჭურვილი, რომელსაც Ferrari 250 LM-ზე იყენებდნენ. ძრავის სიმძლავრე 330 ცხენის ძალაა. მასთან ტრანსღერძული გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ავტომობილს უკანაც დამოუკიდებელი საკიდარი აქვს.

საინტერესოა, რომ 275 GTB/C სამი ეგზემპლარიდან, ერთი 2014 წელს 26.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. იმ ავტომობილს სარბოლო წარსული არ აქვს. როგორც ჰენის ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, ათი წლის წინათ, მას ერთ-ერთი იაპონელი კოლექციონერისგან შეთავაზება მიუღია. ის მზად იყო, იშვიათ ავტომობილში 35-40 მილიონი ევრო გადაეხადა. მაგრამ ჰენისგან უარი მიუღია.

ძნელი სათქმელია, ჰენის შთამომავლები რას უპირებენ კოლექციონერების სანუკვარ ავტომობილს. მაგრამ როგორც გამოცემა „ავტოვიკი“ წერს, ჰენს დაუბარებია, რომ Ferrari 275 GTB/C Speciale მისი ფლორიდული სავაჭრო ცენტის ჰოლში უნდა იდგეს…