Ferrari-ს მიერ გამოშვებული ყველა ახალი ავტომობილი მოვლენაა. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მარანელოელები თავიანთ თაყვანისმცემლებს და მითუმეტეს მომხმარებლებს, სიახლეებით ხშირად არ ანებივრებენ. მაგრამ ახლახანს ამის მიზეზი ჰქონდათ და მათაც იმედები არ გაგვიწბილეს – მათს სიახლეს Ferrari J50 ჰქვია და ის იტალიური კომპანიის იაპონურ ბაზარზე ყოფნის 50 წლის იუბილეს მეიძღვნა.

ამ შესანიშნავი ავტომობილის შექმნის და სრულყოფის პროცესი მარანელოელებმა იმდენად გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაასრულეს, რომ მისი პრემიერისას, J50 სრული მოულოდნელობა გახდა საავტომობილო მედიისთვის. ის Ferrari-ს სპეციალური პროექტების დეპარტამენტმა და კომპანიის სტილის ცენტრმა ერთობლივად შეიმუშავეს. ოფიციალური წარდგენა კი ტოკიოში, ხელოვნებს ეროვნულ მუზეუმში ჩატარდა.

Ferrari J50-ს ტარგას ტიპის ნახევრად ღია ძარა აქვს. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, მის გარეგნობაში შერწყმულია „ფერარის“ 1970-იანი და 1980-იანი წლების ავტომობილების ცალკეული, ყველაზე გამორჩეული ელემენტები. ავტომობილს აქვს მოსახსნელი სახურავი, რომელიც ორი პანელისგან შედგება და როცა მოხსნილია, სავარძლების უკან არსებულ ფოსოში თავსდება.

ავტომობილს აქვს ვიწრო LED მთავარი ფარები, რომლებიც ჰორიზონტალურად არის განლაგებული. ფსევდო ბამპერსა და სპლიტერს შორის მოთავსდა ანტი ფრთა, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი და ვერტიკალური სტაბილიზატორებით ბოლოვდება. წინა ბორბლის თაღიდან, კარის მთელ სიგრძეზე მას გასდევს ჰორიზონტალური შავი ზლი, რომელიც თითქოს, ავტომობილს ორ ნაწილად ჰყოფს. ეს ზოლი კი უკანა ბორბლის თაღის წინ არსებულ ჰაერის ამღებში იკარგება, რომელიც ალბათ GTO-ს, F40-ის და F50-ის მსგავს ელემენტს მოგაგონებთ. უკან ყურადღებას იქცევს ორივე კიდეში მოთავსებული წყვილი მრგვალი ფარი, დიფუზორი და მის ორივე მხარეს ჩამჯდარი თითო გამოსაბოლქვი, რომლებიც რეაქტიული ძრავის საქშენს ჰგავს.

ბაზაში 488 Spider-ის 3.9-ლიტრიანი V8 მოთავსდა, რომელსაც წყვილი ტურბო კომპრსორი ემსახურება. საბაზო ვერსიასთან შედარებით, სიმძლავრე 20 ცხენის ძალით გაზარდა და 690 ცხენის ძალაა. იტალიური კომპანია ავტომობილის დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს. სავარაუდოდ, ის 488 Spider-ზე ოდნავ ტემპერამენტიანი იქნება. ამ უკანასკნელს ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.0 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ია.

ავტომობილის წარდგენისას ითქვა, რომ Ferrari J50 მხოლოდ 10 ცალი დამზადდება.