ამ შესანიშნავი პროექტის ავტორი ალექს იმნაძეა, ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი, რომელმაც არაერთი საინტერესო პროექტით მიიპყრო საერთაშორისო საავტომობილო მედიის ყურადღება. ავტომობილს Concept P3 ჰქვია და იდეაში, მან კონკურენცია Aston Martin-ის უახლეს ჰიპერ ავტომობილ Valkyrie-ს და Mercedes-AMG-ს მომავალ Project One-ს უნდა გაუწიოს, ავტომობილებს, რომლებიც ფორმულა 1-ის ტექნოლოგიების გამოყენებით აიგება.

ავტოსამყარო ახლა სწორედ ამ ორი ჰიპერ ავტომობილის მოლოდინშია, რომელთა მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე უნდა გაიმართოს. ბუნებრივია, იბადება კითხვა – და სად არის ამ დროს „ფერარი“? მარანელოელები თავიანთ პასუხს ამზადებენ, მაგრამ მას მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ვიხილავთ. მანამდე კი, ალექსანდრე იმნაძე ამ ავტომობილის შესახებ, თავის ხედვას წარმოგვიდგენს.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თავისი პროექტის შესრულებისას, იმნაძისთვის შთაგონების წყაროს როლი ლეგენდარულმა Ferrari P3-მა შეასრულა, რომელიც სარბოლო ტრასებზე 1960-იან წლებში გამოდიოდა და რომელიც თავისი ორიგინალური ფორმებით გამოირჩეოდა, თუმცა იმ სახით შემორჩენილი არაა. პროექტის ავტორმა თავისი ავტომობილის სახელშიც ძველი კვიცის ინდექსი გამოიყენა, თავის პროექტს Concept P3 / Scuderia Baldini უწოდა.

იმნაძის „ფერარის“ მთავარი გარეგნული დამახასიათებელი თავისებურება, მისი მრგვალი კოკპიტია, რომელიც სარბოლო პროტოტიპების სტილშია შესრულებული. Concept P3 ზორბა ჰაერის ამღებებითაც გამოირჩევა, რომლებსაც ძრავის, ტრანსმისიის, მუხრუჭების და ზეთის გაგრილების გარდა, აეროდინამიკური დანიშნულებაც აქვს. წინა ბორბლების წინ კი ვიწრო LED ფარები განლაგდა. ავტომობილი უკანა ანტი ფრთას მოისაკლისებს, თუმცა კოკპიტის უკან კილის მსგავსი აეროდინამიკური წანაზარდი აქვს, როგორებიც სხვადასხვა ფორმაციით, ფ1-ის და ლე მანის სარბოლო ავტომობილებზე გვხვდება. გვერდებზე დიფუზორები განლაგდა, რომლებიც დანიშნულებაც, ჰაერის ნაკადისადმი სასურველი მიმართულების მინიჭება და ბორბლების გზასთან ჩაჭიდების გაზრდაა.

როგორც ყოველთვის, ახალი პროექტით იმნაძემ თავისი კლასი გამოავლინა. „ფერარი“ თავისი ავტომობილების და მითუმეტეს ფლაგმანების დიზაინს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და მათ შემუშავებას თავის ძველ პარტნიორ Pininfarinas, ბოლო დროს კი საკუთარ დიზაინ ცენტრს ანდობს. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტის მიხედვით, სუპერ ავტომობილის გამოშვებას ბევრი კომპანია ისურვებდა…