თავის პირველ ოთხადგილიან ავტომობილს, რომელიც V8 ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, Ferrari პარიზის მოტორ შოუზე წარადგენს. ეს არის მოდელ FF-ის შთამომავალ GTC4 Lusso-ს ტურბოძრავიანი ვერსია, რომელსაც თავისი აგტრეგატის გამო, სახელში ასო T დაემატა. მარანელოელთა განმარტებით, ეს არის ავტომობილი, რომელსაც მფლობელი ყოველდღიურად გამოიყენებს და მისი მრთვითაც ისეთივე სიამოვნებას მიიღებს, როგორიც Ferrari-ს შეეფერება.

ავტომობილი აღჭურვილია 3.9-ლიტრიანი V8 ტურბო ძრავით, რომელიც 610 ცხენის ძალას და 760 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, GTC4 Lusso T-ს ადგილიდან ასამდე აჩქარება 3.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 320 კილომეტრს აღწევს.

ferrari-gtc4-lusso-t-1

შედარებისთვის, ატმოსფერული V12 ძრავით აღჭურვილ GTC4 Lusso-ს სტანდარტული აჩქარებისთვის 0.1 წამით ნაკლები ჰყოფნის. საინტერესოა, რომ GTC4 Lusso T-ს V8 ტურბო ძრავი არის იმ აგრეგატის ევოლუციური ვერსია, რომელსაც 2016 წლის საუკეთესო ძრავის ტიტული აქვს მოგებული. ის მაქსიმალურ სიმძლავრეს 7 500 ბრ/წთ-ზე იძლევა, მაქსიმალურ მაბრუნ მომენტს კი 3 000-5 250 ბრ/წთ დიაპაზონში გამოიმუშავებს.

GTC4 Lusso-ს ტურბო ვერსიას შენარჩუნებული აქვს ოთხივე ბორბლის მართვის სისტემა, რისი წყალობითაც უკეთ სამართავიც არის და მანევრულიც. ამ სისტემასთან წყვილში მუშაობს გვერდითი მოცურების კონტროლი (SSC3), რომელიც მოსახვევიდან უფრო აგრესიულად გამოსვლის საშუალებას იძლევა.

GTC4Lusso T მაგისტრალზე მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად 11.6 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 265 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.