LaFerrari აეროდინამიკურად ძალიან დახვეწილი ავტომობილია, მისი სატრეკო ვერსია Ferrari FXX-K კიდევ უკეთესია. მაგრამ მარანელოში ჩათვალეს, რომ არც ეს იყო საკმარისი და აეროდინამიკური მილის მეშვეობით, ამ უკანასკნელს კიდევ ერთი მოდიფიკაცია ჩაუტარეს. შედეგად იშვა ახალი შედევრი, სახელად Ferrari FXX-K Evo, რომელიც საბაზო FXX-K-ზე 23 პროცენტით გაზრდილი ჩაჭიდებით გამოირჩევა.

Ferrari FXX-K Evo-ს პრემიერა მუჯელოს ავტოდრომზე გაიმართა. ეს არის სარბოლო ავტომობილი, თუმცა არცერთი სარბოლო სერიის ტექნიკურ რეგლამენტს არ შეესაბამება. ის იმ მყიდველისთვის არის განკუთვნილი, ვისაც თავისუფალ დროს, ტრეკზე საკუთარი სიამოვნებისთვის რბოლა სჩვევია. ეს ავტომობილი კი მფლობელს დაახლოებით ისეთივე შეგრძნებებს მიანიჭებს, როგორსაც ლე მანის სარბოლო პროტოტიპები, ან თუნდაც ფორმულა 1-ის ავტომობილები.

წარდგენისას მარანელოელებმა გამოაცხადეს, რომ Ferrari FXX-K Evo-ს საბაზისო FXX-K-ზე 23 პროცენტით მეტი და საგზაო LaFerrari-ზე 75 პროცენტით მეტი ჩაჭიდება აქვს. ამასთან, ამ მაჩვენებლით ის კომპანიის GT-ს კლასის სარბოლო ავტომობილების დონეზეა. მაქსიმალური სიჩქარისას, FXX-K Evo-ს აეროდინამიკური ჩაჭიდება 816 კილოგრამით იზრდება.

ასეთი შედეგის მისაღწევად, კომპანიის ინჟინრებმა ავტომობილი ახალი უკანა ფრთით აღჭურვეს, რომელზეც ადაპტირებადი უკანა სპოილერია ინტეგრირებული. გარდა ამისა, ფრთის სტრუქტურას მესამე კილი დაემატა. ძრავის საფარზე არსებული აეროდინამიკური ელემენტები და უკანა დიფუზორი, ჰაერის მოწესრიგებულ ნაკადს, ავტომობილის უკან არსებული სივრცისკენ მიმართავენ, რითაც იქ გაუხშოებული ტომრის წარმოქმნას უშლიან ხელს. წინა და უკანა ბამპერებსაც მთავარ დანიშნულებად, ჰაერის ნაკადის მოწესრიგება ექცა.

გარდა ამისა, გადაკეთდა საკიდარი, შეიცვალა საჭის რგოლის პოზიცია, რომელიც დაახლოებით ისე განლაგდა, როგორც ფ1-ის ავტომობილებზე. გარე სარკეები ვიდეო კამერებმა შეცვალა, რომელთაგან მიღებული გამოსახულებაც, მონიტორზე აისახება. მასზევე შეიძლება სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის მიღებაც.

Ferrari პაკეტ FXX-K Evo-ს იმ კლიენტებს შესთავაზებს, რომლებიც უკვე ფლობენ სტანდარტულ FXX-K-ს. ცნბისათვის, ამ ავტომობილების მფლობელთათვის, მომავალ სეზონში ცხრა სატრეკო დღეა დაგეგმილი, რომლების დროსაც, იტალიური კომპანია თავის კლიენტებს ტრასაზე უფასო მომსახურებას გაუწევს.