Ferrari F12tdf ძალიან წარმატებული ავტომობილია. ის წარდგენიდან მოკლე დროში სრულად გაიყიდა. მარანელოელები უკვე ამზადებენ მის შემცვლელს, რომელსაც დიდი ალბათობით, მომავალ წელს გვიჩვენებენ. უკვე ცნობილია, რომ ახალი ავტომობილის ძირითადი მამოძრავებელი 6.3-ლიტრიანი V12 ძრავი იქნება, რომელსაც გამოსაბოლქვზე გამკაცრებული ევრო რეგულაციების დასაკმაყოფილებლად, ჰიბრიდული სისტემა შეუწყვილდება.

LaFerrari-ს მსგავსად, F12-ის შემცვლელიც მსუბუქი ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება, რაც მას სიმძლავრის გასაზრდელად და საწვავის ხარჯის შესამცირებლად გამოადგება. ჰიბრიდული სისტემა უნდა იყოს ფორმულა 1-ში დამკვიდრებული თბური ენერგიის აღდგენის სისტემა (HY-KERS), რომელიც LaFerrari-ს 163 ცხენის ძალით აძლიერებს. ამასთან, საწვავის ხარჯს დაახლოებით 40 პროცენტით ამცირებს. ეკონომიურობის გაუმჯობესების კვალობაზე, მცირდება გამონაბოლქვში მავნე მინარევების შემცველობა.

ჰიბრიდული სისტემა ავტომობილს უფრო დაამძიმებს, მაგრამ მარანელოელები ამის საპირწონედ, შასის სტრუქტურაში კარბონის კომპოზიტს და სხვა მსუბუქ მასალებს ინტენსიურად გამოყენებენ. ასე იყო LaFerrari-ს შემთხვევაში და ასე იქნება F12-ის შემცვლელზეც. ოღონდ, ეს ავტომობილი „ლაფერარის“ ჰიბრიდული სისტემით არ აღიჭურვება. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს სისტემა შუაძრავიანი ავტომობილისთვისაა, F12 და მისი შემცვლელიც წინა ამძრავიანებია.

J50-ის მსგავსად, F12-ის შემცვლელის შესახებ, თუნდაც მცირე ინფორმაცია პრაქტიკულად მიუწვდომელია. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ავტომობილს საგზაო ტესტები აქვს გასავლელი და თუნდაც შენიღბული ფორმით, მას აუცილებლად გამოიჭერს მსტოვრული ფოტო-კამერა.