გერმანულ სატუნინგო კომპანია Novitec Rosso-ს, Ferrari F12-თან რაღაც უხილავი კავშირი აქვს. ამ ავტომობილის პირველი ტუნინგ პაკეტი, სახელად N-Largo, შარშან შეიმუშავა და დაგეგმილი ტირაჟი სრულად გაჰყიდა. წარმატებული პროექტის დასრულების შემდეგ კი, ახალი შეიმუშავა, სახელად N-Largo S, რომელიც მეტწილად კოსმეტიკური ცვლილებით შემოიფარგლება. თუმცა ცვლილების გარეშე არც ძრავი დარჩენილა.

Novitec-N-Largo-12-1

პაკეტში შევიდა კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ბამპერები, გვერდითა ზღურბლები, სახურავის სპოილერი, გარე სარკეების კორპუსები, ასევე უკანა ანტი ფრთა. ბორბლები გაგანიერებულ თაღებში მოთავსდა, წინა და უკანა ფარები კი დაბურულია. N-Largo S-ის წინ ბორბლები 21-დუიმიანია, უკანები კი – 22-დუიმიანი. ისინი Pirelli-ს წარმოების P Zero საბურავებით არის შემოსილი.

Novitec-N-Largo-13

ისედაც დაბალი სუპერ ავტომობილის კლირენსი 40 მილიმეტრით შემცირდა. თუმცა Novitec Rosso თავისი პროდუქტის მყიდველს სთავაზობს პნევმატურ სისტემას, რომლის დახმრებითაც, საჭიროების შემთხვევაში, წინა ღერძის კლირენსი 80 მილიმეტრით მაღლდება. ეს იმისთვის, რომ პარკირება გაადვილდეს. დაკიდევ, აშკარად გაიზარდა გასაგრილებელი ჰაერის წინა ამღების განივკვეთი, საიდანაც ჰაერის ძირითადი ნაკადი რადიატორს მიეწოდება.

მიუნხენური სატუნინგო კომპანიის ინჟინრებმა, 6.3-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავის სიმძლავრე 781 ცხენის ძალამდე გაზარდეს (740-დან), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 721 ნიუტონმეტრამდე (690-დან). ძრავის ბრუნთა რიცხვი, 8 500-დან 8 900-მდე გაიზარდა. ძრავს ორქუროიანი გადაბმულობის დახმარებით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი უკავშირდება.

Novitec-N-Largo-9

სიმძლავრის გასაზრდელად, Novitec Rosso-ს სპეციალისტებმა ძრავის მართვის ბლოკის პროგრამა შეცვალეს. შეიცვალა გამოსაბოლქვი სისტემა. ამ ყველაფრის წყალობით, N-Largo S-ს ადგილიდან ასის აკრეფა დახლოებით 3.0 წამში შეუძლია, რაც Ferrari F12berlinetta-ს აჩქარებაზე 0.1 წამით ნაკლებია. მაქსიმალური სიჩქარე კი 340-დან 350 კმ/სთ-მდე გაიზარდა.

Novitec Rosso მხოლოდ 11 ცალი N-Largo S-ის გამოშვებას აპირებს. ოღონდ, მის ფასს ჯერ არ ამხელს.