კანადელმა რაიან მაკქვინმა საკუთარ გარაჟში დაამზადა სუპერ ავტომობილ Ferrari Enzo-ს რეპლიკა, რომელიც… Rolls-Royce-ს წარმოების ორი რეაქტიული ძრავით აღჭურვა. მაკქვინმა თავის უცნაური ავტომობილის შექმნას 12 წელი მოანდომა და თავის პროექტს სულ 90 000 დოლარი დაახარჯა. ავტორმა თავის ქმნილებას Insanity (სიგიჟე) შეარქვა.

მაკქვინმა თავისი უჩვეულო პროექტი 2004 წელს ჩაიფიქრა მას შემდეგ, რაც ედმონტონში ჯეტქარების რბოლას დაესწრო. მან თავისი Chevrolet Corvette გაჰყიდა და მიღებული ფულით, სახელმწიფო აუქციონზე ორი რეაქტიული ძრავი შეიძინა. მთავარი ისაა, რომ როგორც თავად ამბობს, პროექტის დაწყებისას, წარმოდგენა არ ჰქონდა საინჟინრო საქმეზე და შესადუღებელი აპარატის გამოყენებაც არ იცოდა.

Sherwood-Park-man-builds-his-own-jet-car-1

მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩანაფიქრის განხორციელებას მაინც შეუდგა. მან Ferrari Enzo-ს მსგავსი ძარის შემუშავება დაიწყო და ამაზე ორი წელი დასჭირდა. გარდა ამისა, ხუთი წელი მოანდომა ავტომობილის მზიდი სტრუქტურის დამზადებას.

Insanity-ს წონა 1723 კილოგრამია და მას 650 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია. საწვავად საავიაციო ნავთს იყენებს, რომელიც ძრავები ორ წუთში 400 ლიტრს მოიხმარენ. ეს ავტომობილი ხშირად მონაწილეობს მისთვის შესაფერის შეჯიბრებში და ფესტივალებში, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, საერთო სარგებლობის გზებზე არასდროს გამოდის.

Twin-jet-powerd-car-by-Ryan-McQueen-2