ასეთ ავტომობილებს კოლექციონერები და სუპერ ავტომობილების მოყვარულები სანთლით ეძებენ. არადა, ისეც ხდება, რომ ისინი ღია ცის ქვეშ, წლობითაც კი იმტვერებიან. ფოტოზე გამოსახული ავტომობილი ალბათ იცანით – Ferrari Enzo. ის და საერთო ჯამში 400 იშვიათი ავტომობილი, დუბაიში დგას. მარანელოში ასეთი მხოლოდ 400 ცალი დაამზადეს. და მხოლოდ რჩეულ კლიენტებს მიჰყიდეს…

Ferrari Enzo 001

ეს ავტომობილი დუბაის პოლიციამ 2012 წელს დააფიქსირა. როგორც ამბობენ, მისი პატრონი კანონთან მწყრალად ყოფილა და მართლმსაჯულებას გაექცა. ამ ძვირფასი ავტომობილის წაღება კი ვერ მოახერხა. ასეთ შემთხვევებში მიტოვებული ქონება აუქციონზე იყიდება ხოლმე, მაგრამ „ენცოს“ ამ ეგზემპლარს ჯერ „პატიმრობაში“ ყოფნა მოუწევს. ამის მიზეზი მარტივია – ეს ავტომობილი იმ საქმეშია „გარეული“, რომელსაც ინტერპოლი იძიებს. ეჭვმიტანილი კი ბრიტანეთის მოქალაქე ყოფილა.

Ferrari Enzo 002

არადა, დუბაის პოლიციის საგზაო დეპარტამენტის დირექტორი, პოლკოვნიკი (კოლონელი) საიფ მუჰაირ ალ მაზრუი ამბობს, რომ 2002 წელს გამოშვებული Enzo-ს შეძენის სურვილი ძალიან ბევრს გამოუთქვამს. მისივე თქმით, ბოლო შეთავაზება პოლიციას ამერიკელისგან მიუღია, რომელიც მზადაა, ავტომობილში 6 მილიონი ემირატული დრაჰმა (დაახლოებით 1.4 მილიონი დოლარი) გადაიხადოს.

როგორც ირკვევა, ძებნილს 660-ცხენისძალიანი სუპერ ავტომობილი 2011 წელს შეუძენია, თუმცა მალევე მოუწია მისმა მიტოვებამ. კარგა ხანს საოცნებო ავტომობილი მზის ქვეშ იდგა და მხოლოდ ახლაღა მოიფიქრეს მისი დახურულ სადგომზე გადაყვანა.