Ferrari-ს წყვილ ტურბო კომპრესორიანი, 3.9-ლიტრიანი V8 ძრავი, კონკურს 2016 წლის საუკეთესო ძრავის აბსოლუტურ გამარჯვებულად დასახელდა. ამ აგრეგატით, იტალიური კომპანია კვლავ დაუბრუნდა ტურბო ძრავების წარმოებას. მისით კი ორი ავტომობილი – 488 GTB და California T აღჭურვა.

აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვების გარდა, ამ ძრავს ბადალი კიდევ სამ კატეგორიაში არ ჰყავდა. ის საუკეთესო გახდა როგორც სპორტული ძრავების, ასევე ახალი ძრავების და ტურბო ძრავების კატეგორიებში. ერთ კონკურსში ერთდროულად ოთხი პრიზის მოგება, ამ კონკურსის ისტორიაში რეკორდული მიღწევაა. აღიარება დაიმსახურა ფერარის კიდვ ერთმა აგრეგატმა – 6.3-ლიტრიანი ატმოსფერული V12 მეორე ადგილზე გავიდა სპორტულ აგრეგატებს შორის.

Wins-2016-Engine-Of-The-Year-3

წლევანდელ კონკურსის ჟიურიში მონაწილეობა 30 ქვეყნის 63-მა საავტომობილო ჟურნალისტმა მიიღო. ეს კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია საავტომობილო სამყაროში. მისი შედეგები შტუტგარტში, გამოფენა „ენჯაინ ექსპო 2016-ის“ დროს გამოქვეყნდა.

ჟიურიმ Ferrari-ს V8 ტურბო ძრავში მოიწონა მისი წყვილ ტურბო კომპრესორიანი სისტემა, რომელსაც არ აქვს ტურბო დაგვიანების არანაირი ეფექტი და მაბრუნ მომენტს თანაბრად ზრდის ბრუნთა რიცხვებთან ერთად, რაც ძრავს შესაშურ ელასტიურობას ანიჭებს. ამასთან, ძრავი თავისი დახვეწილი ხმითაც გამოირჩევა, რაც ყოველთვის ახასიათებს მარანელოელთა ძალურ დანადგარებს.

რაც შეეხება 6.3-ლიტრიან ატმოსფერულ V12-ს, რომელიც 780 ცხენის ძალას ავითარებს, მან უკან ჩამოიტოვა Audi-ს 5.2-ლიტრიანი V10, რომლითაც გერმანული კომპანიის პოპულარული სუპერ ავტომობილი R8 და Lamborghini Huracan-ი არის აღჭურვილი და Mercedes-AMG-ს 5.5-ლიტრიანი V8 ტურბო.