სანამ „ფერარის“ სათავეში ლუკა დი მონტეძემოლო იდგა, კომპანიის მთავარი მიზანი, თავისი ავტომობილების ექსკლუზიურობაზე ზრუნვა იყო. ამისათვის წარმოების ჭერიც კი დაწესდა. მაგრამ ლუკას გაშვებისთანავე, პრიორიტეტიც შეიცვალა. უფრო პრაგმატული სერჯო მარკიონე თვლის, რომ ჭერი საჭირო არაა. უფრო მეტიც, მარანელოელები მალე ალბათ სამოდელო გამის გაფართოებასაც დაიწყებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური კომპანია სრულიად ახალი, ყველაზე პატარა და (შედარებით) სუსტი ძრავით აღჭურვილი მოდელის გამოშვებას აპირებს, რომლის სახელიც „დინო“ იქნება. ეს ინფორმაცია, „ფიატ-კრაისლერის“ ინკოგნიტო წარმომადგენლისგან გამოცემა „მოტორ ტრენდმა“ მოიპოვა.

ინფორმაციის წყარო დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა იმას კი გვიმხელს, რომ ახალი ავტომობილით, „ფერარი“ კონკურენციას „მერსედესის“AMG GT-ს და „მაკლარენის“ 570S-ს გაუწევს და შესაბამისად, ფასიც ამავე ავტომობილების დონეზე ექნება.

რაც შეეხება ძრავს, დიდი ალბათობით, ავტომობილი წყვილ ტურბოიანი V6-ით აღიჭურვება. ამ ვერსიას ის გარემოებაც ამაგრებს, რომ ამავე ტიპის ძრავებით „ალფა რომეოს“ ახალი ავტომობილების აღჭურვაც იგეგმება.

დაბოლოს, მომცრო „ფერარის“ პრემიერის სავარაუდო დრო, 2019 წელია.