ფერარის აღმასრულებელი დირექტორი მაურიციო არივაბენე ამბობს, რომ ავსტრიის დიდი პრიზის რბოლისას, სებასტიან ფეტელისთვის და კიმი რაიკონენისთვის შერჩეული სტრატეგია არ იყო მცდარი. არადა, ბევრი მიმომხილველი თვლის, რომ სწორედ არასწორი ტაქტიკის გამო ვერ გაუძლო ფეტელს საბურავმა, რის გამოც, ის რბოლას გამოეთიშა, რაიკონენს კი მეორე ადგილისთვის ბრძლაში მაქს ფერსტაპენმა აჯობა.

რედ ბულ რინგზე მარანელოელები გამარჯვებისთვის ბრძოლას გეგმავდნენ, თუმცა ხელში მხოლოდ მესამე ადგილი შერჩათ. არადა, ფეტელი ასპარეზობას მაშინ გამოეთიშა, როცა ლიდერი იყო. თუმცა ამას მხოლოდ მერსედსის პილოტების მიერ შესრულებული პიტ სტოპების შემდეგ მიაღწია. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სუპერ სოფტებით მეტისმეტად დიდხანს დარჩა ტრასაზე, რის გამოც, უკანა მარჯვენა ბორბალი გაუსკდა, რამაც შემდეგ კედელთან შეჯახება გამოიწვია.

shell-for-web

არივაბენე ირწმუნება, რომ ფეტელის მანქანაზე საბურავის დაზიანებას არავინ ელოდა, რაიკონენის შემთხვევაში კი სტრატეგია მეორე ადგილის დაკავების საშუალებას იძლეოდა:

„ის (ფეტელი) კიდევ რამდენიმე წრეზე უნდა დარჩენილიყო. ჩვენ მას ვკითხეთ საბურავებზე, მაგრამ არაფერი გვიპასუხა. საფრთხის ნიშანს არც ტელემეტრია გვაძლევდა, არც სები, არც საბურავის სენსორი. საბურავის დაზიანების არანაირი ნიშანი არ გვქონდა. მანქანა კარგად მუშაობდა. იგივე სიტუაცია იყო კიმის შემთხვევაშიც. მან შეძლო რიკიარდოს გასწრება და ალბათ ფერსტაპენსაც გაასწრებდა, მაგრამ მოულოდნელად, ტრასაზე ყვითელი დროშები ააფრიალეს. მათ ძალიან გაუმართლათ. ეს სასაცილოა“.

არივაბენეს თქმით, გუნდის გათვლების მიხედვით, რაიკონენს რბოლის მიწურულს უნდა მისცემოდა ამოქაჩვის შანსი და მან ეს შეძლო. იმავე გათვლების შესაბამისად, ფერსტაპენის გასწრების შესაძლებლობა, ფინიშამდე ორი წრით ადრე მიეცემოდა. ჩვენ მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით. სებასტიანის შემთხვევაში, საბურავის დაზიანება რომ არა, მას კვარცხლბეკზე მაღლა შეეძლო ადგილის დაკავება. ზუსტად ვერ ვიტყვი, რომელ ადგილზე, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ის და კიმი განსხვავებული სტრატეგიით ასპარეზობდნენ“.

არივაბენე დასძენს, რომ ფეტელის მანქანაზე საბურავის დაზიანების მიზეზის შესახებ ცნობა „პირელისგან“ ჯერ არ მიუღია. შესაძლოა ეს კერბების ან სხვა რამის ბრალი ყოფილიყო.

content-banner