„ზესწრაფი“ – ასე ჰქვია Ferrari-ს ახალ ავტომობილს, რომელმაც F12 უნდა შეცვალოს და რომლის მსოფლიო პრემიერაც მალე, ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. ავტომობილის სრული სახელია Ferrari 812 Superfast. იტალიური კომპანიის განმარტებით, ეს არის ყველაზე მძლავრი სერიული მოდელი, რომელიც კი ოდესმე მისი ქარხნიდან გამოსულა.

ახალი ავტომობილი აღჭურვილია ატმოსფერული 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც F12-სა და LaFerrari-ზე გამოყენებულ მსგავს აგრეგატზე 0.2 ლიტრით დიდია. ის 800 ცხენის ძალას (8 500 ბრ/წთ-ზე) და 718 ნიუტონმეტრს (7 000 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშვებს. ძრავს ორქუროიანი გადაბმულობით უკავშირდება 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც უსწრაფესად რთავს გადაცემებს. ამის წყალობით, გადართვების დროს, ძრავის მუშაობაში ჩავარდნები ნულთან ახლოსაა.

ამ აღჭურვილობით, ახალ სუპერ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 2.9 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 340 კილომეტრს აღწევს. ასეთივე მონცემები აქვს F12tdf-ს, რომელიც ნაკლებად მძლავრი ძრავითაა აღჭურვილი და სამაგიეროდ, უფრო მსუბუქია.

Ferrari 812 Superfast-ის მართვას უზრუნველყოფს საჭის მექანიზმი ელექტრო გამაძლიერებლით. ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ფერარი“ საჭის მსგავს სისტემას იყენებს. ეკიპირებაშია ასევე „ვირტუალური მოკლე ბაზის“ სისტემა, რომელიც უკანა ბორბლებს, ავტომობილის მართვაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. ეს სისტემა „ზესწრაფმა“F12tdf-ისგან გაიზიარა.

რაც შეეხება ავტომობილის გარეგნობას, შეიძლება ითქვას, რომ 812 Superfast არის მის წინამორბედ F12-ის ევოლუციური ვერსია. მათ მსგავსი სტილი და ერთნაირი ზომები აქვთ. „ზესწრაფზე“ ყურადღება აეროდინამიკასა და ცალკეულ დეტალებზეა გამახვილებული. საერთო ჯამში, ის უფრო სრულყოფილად გამოიყურება და ამ მხრივ, F12tdf-საც ჩრდილავს.

სიახლეა ფარების კონსტრუქციაში, რომელთა ფორმა გართულდა, თუმცა ასე უკეთ შეერწყა ავტომობილის აგრესიულ იერს. გაიზარდა რადიატორის ცხაურის გაბარიტებიც. კაპოტში კი რამდენიმე საჰაერო ჭრილი იქცევს ყურადღებას. გვერდიდან ავტომობილი ღმად პროფილირებული ფორმებით გამოირჩევა, რომლებსაც წინა და უკანა ბორბლების თაღების წაგრძელებული სეგმენტების შერწყმა აყალიბებს. ამასთან, წინა ბორბლის თაღს ჰაერის გამომშვები ღრიჭოც აქვს, რაც ჰაერის ნაკადს, კორპუსთან მჭიდროდ გავლას აიძულებს და ამით, მაღალ სიჩქარეზე ავტომობილის მდგრადობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, „ფერარი“ ამბობს, რომ ავტომობილს აქვს რამდენიმე მოძრავი აეროდინამიკური ელემენტი, რომლებიც სხვადასხვა სიჩქარეზე, განსხვავებულ პოზიციას იკავებენ და ამით, ავტომობილის აეროდინამიკურ ეფექტურობას აუმჯობესებენ.