სააუქციონო სახლ RM Sotheby’s-ზე გასაყიდად შეიტანეს Ferrari-ს სუპერ ავტომობილ 812 Superfast-ის 1:2 მასშტაბის მოდელი, რომლის სავარაუდო ფასადაც 280-320 ათასია დასახელებული. ეს კი სუპერ ავტომობილის საქარხნო ფასზე მეტია. აუქციონი 9 სექტემბერს არის დანიშნული.

მასშტაბური მოდელი ავტომობილის შემუშავების ტექნოლოგიური პროცესის აუცილებელი ნაწილია, რომელსაც ძირითადად აეროდინამიკის დასახვეწად იყენებენ. მას ძირითადად კარბონის კომპოზიტისგან და სხვა „საპროტოტიპე მასალებისგან“ ამზადებენ.

812 Superfast-ის მასშტაბური მოდელი 200 კილოგრამს იწონის და ფაქტობრივად, მხოლოდ გარსს წარმოადგენს, რომლის შიგნითაც მექანიკური ნაწილები პრაქტიკულად არ არის. მაგრამ ენთუზიასტი მდიდრებისთვის, ლეგენდარული კომპანიის ტექნოლოგური პროცესის ნაწილი სასურველი სუვენირი იქნება.

RM Sotheby’s-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ გასაყიდად გამოტანილი მასშტაბური მოდელი, 812 Superfast-ის შემუშავების პროცესში გამოიყენეს და მას მარანელოელთა აეროდინამიკურ მილში არაერთი საათი აქვს გატარებული.

თქმა არ უნდა, მოდელი Ferrari-ს ისტორიის ნაწილია, მაგრამ საკითხავია, რეალურად უნდა ღირდს კი სერიულ ავტომობილზე ძვირი?