როდესაც ფერარიმ ახალი 488 GTB გაგვაცნო, მაშინვე ცნობილი იყო, რომ მალე ამავე ავტომობილის ღია ვერსიასაც გამოუშვებდა. და აი, იტალიურმა კომპანიამ დიდხანს არ გვალოდინა – ფრანკფურტული მსოფლიო პრემიერის წინ, პირველად გვიჩვენა „488 სპაიდერი“, რომელიც ბაზარზე იმავე კლასის „458 სპაიდერს“ შეცვლის. ახალი ავტომობილი მოსახსნელი მყარი სახურავითაა და როცა მას თავისი ადგილი უკავია, ავტომობილი 488 GTB-ს ჰგავს.

Ferrari488Spider-2015-07

რა თქმა უნდა, ეს ორი ავტომობილი, სახურავის გარდა, ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება. ორივე ალუმინის სივრცულ ჩარჩოზეა ბაზირებული, რომლის კონსტრუქციაშიც, სხვა რამდენიმე მასალაცაა გამოყენებული, მათ შორის, კომპოზიტებიც. მათ გრეხვაზე მედეგობა და სიმტკიცეც ზუსტად ერთნაირი აქვთ (ოღონდ მაშინ, როცა „სპაიდერს“ სახურავი დამაგრებული აქვს). სახურავი ავტომატურად იხსნება და ძრავის სექციაში, მისთვის გამოყოფილ, ძალიან კომპაქტურ საცავში ორად იკეცება. ამისთვის მხოლოდ 14 წამია საკმარისი.

იგივეა ძრავიც და ტრანსმისიაც. ავტომობილის მოძრაობას, 3.9-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავი უზრუნველყოფს. მისი სიმძლავრე 600 ცხენის ძალაა. მასთან ორქუროიანი გადაბმულობით, 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ამ ტანდმის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 3.0 წამში შეუძლია, ორასს კი 8.7 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე 320 კილომეტრია საათში.

Ferrari488Spider-2015-02

„488 სპაიდერი“ 1420 კილოგრამს იწონის, ანუ კუპეზე 50 კილოგრამით მძიმეა და წინამორბედ „458 სპაიდერზე“ – 10 კილოგრამით მსუბუქი. ამგვარად, გარდა იმისა, რომ „ფერარის“ ისტორიაში ყველაზე მძლავრი ღია ავტომობილია, „488 სპაიდერი“ ასევე აეროდინამიკურად ყველაზე დახვეწილია, მარანელოელთა მიერ ოდესმე გამოშვებულ მსგავს ავტომობილებს შორის.

„488 სპაიდერის“ მსოფლიო პრემიერა, ფრანკფურტის მოტორ შოუზე, 15 სექტემბერს გაიმართება.