სწორედ ეს სიტყვები გამოიყენა „ფერარიმ“ იმ ფოტო ტიზერებზე, რომლებიც თავისი მორიგი სიახლის მახარობლად, ორიოდ დღის წინ გაავრცელა. და როგორც მოსალოდნელი იყო, ჟენევის მოტორ შოუმდე ცოტა ხნით ადრე, „ფერარიმ“ თავისი პოპულარული სუპერ ავტომობილის, „458 იტალიას“ განახლებული ვარიანტი გვიჩვენა, რომელიც ბაზარზე 488 GTB-ს სახელით წარდგება. რაც მთავარია, ავტომობილს ამიერიდან ტურბო ძრავი ამოძრავებს, რაც იტალიური კომპანიის მიერ არჩეული ახალი გეზის, ტურბინიზაციის მორიგი გამოხატულებაა. გარდა ამისა, ავტომობილს მნიშვნელოვანი გარეგნული ცვლილებებიც გამოარჩევს.

488 GTB აღჭურვილია 3.9-ლიტრიანი V8 ტურბო ძრავით, რომელიც 670 ცხენის ძალას (8000 ბრ/წთ-ზე) და 760 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან ორდისკოიანი გადაბმულობით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.0 წამი ჰყოფნის, 200-ს 8.3 წამში აღწევს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 330 კილომეტრია. „ფერარის“ განცხადებით, ამ ავტომობილს ფიორანოს ტრეკზე ერთი წრის გავლა წუთსა და 23 წამში შეუძლია.

Ferrari-458-Italia-21

ავტომობილის ტრანსმისია აღჭურვილია სისტემა „ვერიეიბლ ტორქ მენეჯმენტით“, რომელიც ძრავის უზარმაზარ მაბრუნ მომენტს, ზუსტად და შეუფერხებლად ანაწილებს, რითაც ძრავის ბრუნთა მაღალი რიცხვის შენარჩუნებას ახერხებს. მარანელოელები სიამაყით გვამცნობენ, რომ „ეს ავტომობილი, სერიულ ავტომობილებს შორის, ყველაზე მკვეთრი რეაგირებით გამოირჩევა და ამით სატრეკო ავტომობილებთან მისი შედარება შეიძლება“.

დაიხვეწა ავტომობილის აეროდინამიკა, რამაც „458 იტალიასთან“ შედარებით ჩაჭიდების ძალა დაახლოებით 50 პროცენტით გაზარდა. ასევე შემცირდა შემხვედრი ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი. ამის მიღწევა კი ახალ აეროდინამიკური ელემენტების გამოყენებით გახდა შესაძლებელი. მათ შორისაა ორმაგი წინა სპოილერი, უკანა ბორბლების თაღების წინ განლაგებული, ორად გაყოფილი ჰაერის ამღები და უკანა სპოილერი, რომელიც სტოპ ფარებს შორის მდებარეობს და ჰაერის გამომშვებ ღრიჭოების ზევითაა განლაგებული. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს რთული ფორმის აეროდინამიკური ძირი, რომლის ეფექტის გასაძლიერებლადაც, ეგრეთ წოდებული გრიგალური გენერატორებია გამოყენებული.

„ფერარი 488 GTB-ს“ მაჩვენებლების ახალი დაფა აქვს, რომელზეც ცენტრალური ადგილი, ტახომეტრს უკავია. აქ ყველაფერი ისეა განლაგებული, რომ მათი მაქსიმალურად მარტივად გამოყენება იყოს შესაძლებელი. „ფერარის“ სტილშია შესრულებული დაშორიშორებული სატრანსმისიო გვირაბი და ცენტრალური კონსოლი. საჭის რგოლი მულტი ფუნქციურია. სავარძლები რა თქმა უნდა, მჭიდროდ ეკვრის მძღოლს და მის ერთადერთ მგზავრს.

წყარო – http://autopanoramaf2.blogspot.com