გაიცანით ენდი გრინი. ის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საჰაერო ძალების ოფიცერი, პილოტია და მისთვის ზებგერითი სიჩქარე, ჩვეულებრივი რამაა. ოღონდ, ჰაერში. ხმელეთზეც მსოფლიოში უსწრაფესია – სწორედ ის ფლობს სახმელეთო სიჩქარის რეკორდს, 1227.986 კმ/სთ-ს, რომელიც 1997 წელს უდაბნო ბლექ როკში, რეაქტიული ძრავით აღჭურვილი Thrust SSC-ით დაამყარა. წარმოდგენისთვის, ეს სიჩქარე საკმარისია, რათა 3.7 საფეხბურთო მოედანი წამში გაიქროლო. უფრო შთამბეჭდავი კი ის იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს Boeing 747-ის კრეისერულ სიჩქარეზე დაახლოებით 320 კმ/სთ-ით მეტია.

fastest-man-on-earth-art-4

მაგრამ გრინი ახალი გამოწვევისთვის ემზადება. რეაქტიული ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ Bloodhound SSC-ზე ამხედრებულმა, წარმოუდგენელ სიჩქარეს – საათში 1000 მილს (დაახლოებით 1600 კმ/სთ) უნდა მიაღწიოს. Thrust SSC-ის მსგავსად, Bloodhound SSC-საც ლეგენდარული რიჩარდ ნოუბლი და მისი გუნდი ქმნის. Bloodhound-ი უკვე მზადაა და ტესტების მოლოდინშია, რომლებიც წელს ჩატარდება.

გრინი ამბობს, რომ Bloodhound SSC 90 პროცენტით მზადაა. პირველ ყოვლისა, ის დასასრულებელია. ავტომობილის (თუ შეიძლება მასზე ავტომობილი ითქვას) წარდგენა შარშან, წლის მიწურულს შედგა და კარგი გამოხმაურება მიიღო. ტესტები კი ამ წლის ბოლოს დაიწყება. ტესტები მომავალი წლის ზაფხულში, სამხრეთ აფრიკაში დასრულდება. იქვე იგეგმება სარეკორდო გარბენის შესრულება. ოღონდ, პირველ რიგში, ავტომობილმა გრინს ახლანდელი რეკორდის გაუმჯობესების საშუალება უნდა მისცეს, შემდეგ კი ათას მილიანი ბარიერის ჯერიც დადგება.

Bloodhound SSC-ის სიგრძე 13.4 მეტრია და როცა დასრულდება, მისი წონა 7.5 ტონას მიაღწევს. მისი რეაქტიული და სარაკეტო ძრავების ჯამური სიმძლავრე 135 000 ცხენის ძალაა (!). ამასთან, მომავალ რეკორდსმენს მესამე ძრავიც აქვს, რომელიც ტუმბოს მოვალეობას ასრულებს. ეს არის Jaguar-ის 5.0-ლიტრიანი V8, რომელიც მექანიკური კომპრესორის დახმარებით, 550 ცხენის ძალას ავითარებს. ეს ძრავი სარაკეტო ძრავისთვის საწვავის მიწოდებას უზრუნველყოფს.

fastest-man-on-earth-art-2

გრინი დასძენს, რომ „ბლადჰაუნდი“ მხოლოდ მძლავრი ძრავებით არ არის გამორჩეული. ის ხმელეთზე უსწრაფესი ტელეგადამცემი პლატფორმაცაა. ის კამერებით და ტელემეტრიული სისტემებით არის აღჭურვილი. სარეკორდო გარბენის დროს, კამერები ჩართული იქნება და მათგან მიღებული გამოსახულება ინტერნეტით გადაიცემა. იმავდროულად, იენტერნეტითვე გადაიცემა ავტომობილის აგრეგატების და სისტემებოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. გრინ ამბობს, რომ ასეთი რამ არც NASA-ს, არც ფორმულა 1-ს და არც სამხედრო ავიაციას არასდროს გაუკეთებია.

გრინის თქმით, გუნდ Bloodhound-ის მიზანი, არამხოლოდ ახალი რეკორდის დამყარებაა, არამედ ისიც, რომ მომავალ თაობებს, რომლებსაც მუდმივად განახლებად, უმაღლეს ტექნოლოგიებთან ექნება საქმე, შთაგონების წყარო შეუქმნას. „ჩვენ გვინდა, შევქმნათ ისეთი რამ, რაც 21-ე საუკუნის „აპოლოს“ როლს შეასრულებს. იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ, საკუთარ თავს ვეკითხებით: რა არის თანამედროვე ტექნოლოგიური ზვარი? რამდენად სწრაფი შეიძლება იყოს სახმელეთო მანქანა? საერთო ჯამში, არა აქვს მნიშვნელობა, გადავლახავთ თუ არა 1000-მილიან ზღვარს. ჩვენ შესაძლოა მხოლოდ 950 მლ/სთ-ს მივაღწიოთ. ან იქნებ, 1050 მლ/სთ-საც შევწვდეთ და აღმოვაჩინოთ, რომ სიმძლავრის მარაგი დაგვრჩა (მაგრამ მე ამის არ მჯერა, რადგან ასეთ ავტომობილებს არასდროს აქვთ ისეთი შესაძლებლობები, რასაც მათგან ველით). უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მეცნიერებაში 20 მილიონი ბავშვი ჩაერთვება, რომლებიც ამას პირდაპირ, ინტერნეტით ნახავენ. საოცარია, როცა 10 წლის გოგო გკითხავს, რამ შეგვიშალა ხელი, არასაკმარისმა აეროდინამიკამ, თუ ბორბლების გორვის წინააღმდეგობამ, რომელიც ხელს გვიშლის, ვიყოთ უფრო სწრაფები“.