Tesla Motors-ი საავტომობილო ბაზრის ნამდვილი ჰიტია. დღე არ გავა, მასზე ან მის დამაარსებელ ელონ მასკზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელდეს. ეს არცაა გასაკვირი – მან და მისმა საავტომობილო კომპანიამ ხომ დასაბამი მისცეს ავტოინდუსტრიის ახალ, ელექტრომობილების ტრენდს და მის ავანგარდშიც არიან. Tesla ახალ მოდელს უშვებს, მასკი ტრანსპორტის ახალ სახეობას იგონებს, სახელად „ჰიპერმარყუჟი“, მასკი მარსის და კოსმოსის ათვისებას აპირებს, Tesla-ს ავტომობილებმა უკვე რამდენიმე მილიარდი კილომეტრი გაიარეს…

ეს ზღვაში წვეთია იმ ინფორმაციებიდან, რომლებსაც მათზე გაიგებთ. მაგრამ მოუსვენარ ბიზნესმენს, ინჟინერსა და გამომგონებელს, ახალი იდეები არ ელევა და ერთზე რომ რამეს იტყვის, იმავდროულად მეორეზე და მესამეზე ფიქრობს. მას ალღოც აქვს და თითქმის ყოველთვის სწორ გზაზე დგება. ასე იყო მაშინაც, როცა თავისი არსებობის დასაწყისში, Tesla-ს გაკოტრებას უწინასწარმეტყველებდნენ. არა იმიტომ, რომ მასკი და მისი კომპანია რამეს არასწორად აკეთებდნენ, არამედ იმიტომ, რომ მაშინ (ამ საუკუნის პირველ დეკადაში) ბევრს არ სჯეროდა, თუ ელექტრომობილი ასე სწრაფად დაიწყებდა ბაზარზე დამკვიდრებას.

რა თქმა უნდა, არის ისეთი ამბებიც, რომელთა შესახებაც ბევრი არაფერია ცნობილი. აქ სწორედ ასეთებზე მოვყვებით.

  1. მაგალითად, მასკს სურს, რომ Tesla-ს პირველი ოთხი მოდელის სახელების პირველი ასოები ქმნიდნენ სიტყვას – SEXY. კალიფორნიული კომპანია უკვე აწარმოებს Model S-ს და Model X-ს. მალე Model 3-ს გამოუშვებს. დარჩება Model Y და სასურველი აბრევიატურაც შეიკვრება. მერე რა, რომ E-ს ნაცვლად, იქ 3 ეწერება. ამის მიზეზი ისაა, რომ სახელ Model E-ს სავაჭრო ნიშანი უფრო ადრე Ford-მა დაიბევა. მასკი გაწბილებული დარჩა, მაგრამ არ დაიბნა და აბრევიატურაში შებრუნებული E ჩასვა. სიმბოლურია – მას ხომ ხშირად დინების საპირისპიროდ უწევს სვლა. თუმცა მიზანს ხშირად აღწევს.
  2. ბევრმა არ იცის, რომ ამ ოთხი მოდელის გარდა, მასკს მინი ავტობუსის და გამწევი სატვირთოს გამოშვებაც სურს. რა თქმა უნდა, ორივე ელექტრომობილი იქნება. ამასთან, ავტობუსი ავტონომიური უნდა იყოს. ამ ორის შესახებ ელონს მხოლოდ „სიტყვა აქვს დაგდებული“, კონკრეტულად კი არაფერი უთქვამს. გამწევ სატვირთოსაც ავტონომიური ტექნოლოგიებით აღჭურვავს, თუმცა ბიზნესმენი აღიარებს, რომ ავტონომიური ავტომობილების დამკვიდრებას რამდენიმე წელი დასჭირდება. ამ წლებს ის ტყუილად არ დაკარგავს!
  3. მასკს ძალიან უყვარს ცისარტყელა. სწორედ ცისარტყელას ფერებში გამოისახება ინფოტაინმენტის ეკრანზე გზა, რომელზეც ავტომობილი მოძრაობს, როცა შესაბამის სისტემას, ოთხჯერ ზედიზედ სწრაფად ჩასძახებ – ჩართე ავტოპილოტი! მასკი ამ ცისარტყელას გზას, „ფსიქოდელიურ ზარიან გზას“ უწოდებს.
  4. მასკის ცისარტყელას მოყვარულობა კიდევ ერთ რამეში გამოიხატება. როცა დასამუხტი პორტის სახელურზე ღილაკს დააჭერთ, ის ცისარტყელას ფერებში აკიაფდება და ასე განიშნებთ, რომ ელემენტების დამუხტვა დაიწყო.
  5. 2013 წელს, Model S-ის ქრეშ ტესტების დროს, დაზიანდა საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) დანადგარი, რომელიც ავტომობილების გამძლეობას, მათი გადაყირავების შემთხვევისთვის ამოწმებს. ავტომობილს შეფასებაში 5.4 ქულა დაუწერეს. არადა, შეფასება 5-ვარსკვლავიანი სისტემით ხდება…
  6. იმავე წელს, Model S გახდა პირველი ელექტრომობილი, რომელმაც გამოცემა „მოტორ ტრენდის“ ვერსიით, წლის ავტომობილის ტიტული მოიპოვა.
  7. ახლახანს, Model S გახდა პირველი ელექტრომობილი (ვერსია P100D), რომლის სვლის სიშორეც 300 მილს (დაახლოებით 500 კილომეტრი) ასცდა. გარდა ამისა, როგორც Tesla ირწმუნება, ამ ავტომობილს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აჩქწარება აქვს. ავტომობილმ ყველაზე ეკონომიურ რეჟიმში 315 მილის გავლა შეძლო, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს კი 2.5 წამში მიაღწია, რაც სუპერ ავტომობილების „ტერიტორიაა“…
  8. Model S-ს თავისი შუშის სახურავიც გამოარჩევს. ის მთლიანად შუშისაა. ასეთი ავტომობილის გამოშვების შესახებ, „ტესლამ“ ახლახანს გამოაცხადა. უფრო მეტიც, მასკმა ისიც თქვა, მომავალში ჩვენს ავტომობილებს სახურავზე მზის ელემენტები ექნებაო…
  9. Model X აღჭურვილია ჰაერის წმენდს სისტემით, რომლის წყალობითაც, მის ინტერიერში ისეთივე სუფთა ჰაერია, როგორც საოპერაციო ოთახში. ეს სისტემა მაშინ ამოქმედდება, როცა ბიოდაცვის რეჟიმს ჩართავთ. სისტემაში შედის ნაწილაკების დამჭერი ფილტრები, რომლებიც ტოქსიკურ ქიმიურ ნაერთებს და გამონაბოლქვს ავტომობილის კაბინაში შეღწევის საშუალებას არ აძლევს!
  10. ტექნიკური თვალსზრისით, Model X-ის ბრუკლინის (ნიუ იორკი) ხიდზე გავლა არ შეიძლება. ამ ხიდზე იმ ავტომობილების გავლა იკრძალება, რომლებიც 3 ტონაზე მეტს იწონიან. Model X-ის წონა კი სწორედ 3 ტონაზე მეტია…