Red Bull-მა გადაწყვიტა, აღარ გააგრძელოს კოკპიტის დამცავ სტრუქტურა “აეროსქრინის” სრულყოფის პროცესი და ამაზე თავისი ადამიანური და ფინანსური რესურსი აღარ გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუ ამ სისტემას ფორმულა 1-ში დანერგვის შანსი არ ექნება. ავსტრიულმა გუნდმა Ferrari-ს სისტემა “ჰალოს” ალტერნატივა სოჭის დიდი პრიზის დღეებში გვიჩვენა, როცა მისით აღჭურვილი ბოლიდით, ტრასაზე დანიელ რიკიარდო გამოვიდა.

shell-for-web

“აეროსქრინს” “ჰალოზე” უკეთესი გამოხმაურება ჰქონდა და ერთი შეხედვით, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) და გუნდებს არჩევანი მასზე უნდა შეეჩერებინათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მომავალ სეზნში “ჰალოს” გაუმჯობესებული ვერსიის გამოყენება გადაწყდა. რაც შეეხება “აეროსქრინს”, მისი ტესტების დროს გარკვეული პრობლემები შეიქმნა. კერძოდ, მისი ზედა, რკალური ნაწილი, ქრეშ ტესტებისას პილოტის ჩაფხუტს ეხებოდა, რაც პოტენციურ პრობლემად ჩაითვალა. მაგრამ მონაკოში FIA-ს და გუნდების ერთობლივმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ამ სისტემის სრულყოფის შემთხვევაში, ის “ჰალოს” ჩაანაცვლებდა.

რედ ბულს ისედაც დიდი გამოწვევა ელის მომავალი სეზონისთვის პრაქტიკულად ახალი მანქანის შემუშავების სახით. უპერსპექტივო “აეროსქრინი” კი დამტებით რესურსებს მოითხოვს, რომლის ამ საქმეზე გადამისამართებაც ხარებს არ სურთ. მათ ამ პროექტზე უკვე დახარჯეს დაახლოებით 250 000 ევრო, მისი სრულყოფისთვის კი გაცილებით მეტია საჭირო.

რედ ბულში ფიქრობენ, რომ კარგი იქნება, თუ “აეროსქრინის” შემდგომი სრულყოფის საქმეს ხელს რომელიმე ისეთი კომპანია მოჰკიდებს, რომელსაც სარბოლო ტექნიკის წარმოების გამოცდილებაც აქვს და თან ფ1-ში ჩართული არაა. ეს იმ მხრივაც იქნება მოსახერხებელი, რომ დამცავი სისტემა სხვა ღიაკოკპიტიან სერიებსაც დასჭირდება.

content-banner