ფერარი მრბოლი ამბობს, რომ ფორმულა 1-ს ცვლილებები მართებს, რათა უფრო სახიფათო გახდეს, რაც უფრო მიიზიდავს მაყურებელს. ის ერთადერთი არაა, ვინც დიდი პრიზების ცირკიც შეცვლას ემხრობა. ცვლილებათა მომხრეები არიან გუნდებიც, რომლებსაც ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.

კანადური მოსაწყენი რბოლის შემდეგ, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ფ1-ს თავდაუზოგავი რბოლები სჭირდება და არა ისეთი, რომლის დროსაც, პილოტებს საწვავის დაზოგვაზე ზრუნვა უწევთ. რაიკონენი ამბობს, რომ როცა თავად ფ1-ის კარიერა დაიწყო, რბოლები უშეღავათო ბრძოლებით ხასიათდებოდა. ამჟამად კი ფორმულა 1 ნელი და მეტისმეტად უსაფრთხო გახდა.

„როცა ფორმულა ერთში მოვედი, ის ყველასთვის უფრო საინტერესო იყო. მაშინ ეს მართლა ავტოსპორტის მწვერვალი იყო. მაგრამ ბევრი დრო გავიდა. ყველა ელოდა, რომ მანქანები უფრო სწრაფი და მოხდენილი გახდებოდა, მაგრამ ამას ხელს წესების ცვლილება უშლიდა. ამ წესებმა მანქანები შეანელა. დარწმუნებული ვარ, რაღაც უნდა გაკეთდეს, რათა მაყურებელმა უფრო თვალწარმტაცი რბოლები იხილოს. უნდა გაიზარდოს სიჩქარე და მანქანები უფრო სახიფათო უნდა გახდეს. ეს ხომ თამაშის ნაწილია. რა თქმა უნდა, არავის უნდა, რომ ვინმე დაშავდეს. მაგრამ ასე რბოლები უფრო კარგი სანახავი გახდება“, – ფრანგულ „კანალ +თან“ საუბრისას განაცხადა რაიკონენმა.