ფორმულა ერთის გუნდებს და ძრავების მწარმოებლებს, ძრავების ხმის გაძლიერება სურთ, რამაც რბოლები უფრო მიმზიდველი უნდა გახადოს. ისინი თვლიან, რომ ამ მიმართულებით, პირველი ნაბიჯი შეიძლება ორმილიანი გამოსაბოლქვი სისტემა გახდეს, რაც მომავალი სეზონიდანვე იქნება შესაძლებელი.

მონაკოს დიდი პრიზის შემდეგ, მათ ფ1-ის სტრატეგიული ჯგუფის მიერ შეთავაზებული ტექნიკური რეგლამენტის შესაძლო ცვლილებები განიხილეს. ამ ცვლილებათა მიზანს, ავტომობილების სიჩქარის გაზრდა და რბოლების სანახაობრივი მხარის გაუმჯობესება წარმოადგენს. ცნობილი გახდა, რომ ძრავების ოთხივე მწარმოებელი მუშაობს ახალ წესზე, რომელიც ძალაში მომავალი სეზონიდან შევა და მათ გამოსაბოლქვი სისტემის მოდიფიცირების საშუალებას მისცემს. ახალი რეგლამენტის შესაბამისად, გამოსაბოლქვს წყვილი მილი ექნება და არა ერთი, როგორც ახლაა.

Petronas-Sponsor

ძრავების მწარმოებლები თვლიან, რომ სუსტი ხმის ერთ-ერთი მიზეზი, ერთმილიანი გამოსაბოლქვი სისტემაა. თუმცა ცნობილია, რომ ატმოსფერული მრავალცილინდრიანი ძრავების დროსაც ასე იყო, მაგრამ ეს ხმის სიძლიერეს არ ახშობდა. ხმის მთავარი დამაბრკოლებელი, ტურბინასთან დაკავშირებული რეცირკულაციის სისტემაა. არაოფიციალური ინფორმაციით, ახალი რეგლამენტი ინჟინრებს იმის საშუალებას მისცემს, რომ შეიცვალოს რეცირკულაციის სისტემა და ჭარბი გამონაბოლქვი ტურბინაში კი არ დაბრუნდეს, არამედ მეორე გამოსაბოლქვი მილის საშუალებით გარეთ გამოვიდეს.

ახალ სისტემასთან დაკავშირებული შეთავაზება, პირველ რიგში, ფ1-ის სტრატეგიულ ჯგუფს უნდა გაეგზავნოს, რომელმაც ის უნდა დაამტკიცოს. შემდეგ ჯერი ფ1-ის კომისიაზე მიდგება, რომლისგანც ერთსულოვანი გადაწყვეტილება იქნება საჭირო. ამ ეტაპის გავლის შემდეგ, ახალ წესს FIA-ს მოტორ სპორტის საბჭო დაამტკიცებს.

Petronas-Sponsor-Footer