ლუის ჰამილტონმა კანადის დიდი პრიზი მეხუთედ მოიგო და ეს გამარჯვება, ლეგენდარული მოკრივის, მუჰამედ ალის ხსოვნას მიუძღვნა. რაც მთავარია, ამ მოგებით, რომელიც მის კარირაში 45-ეა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, სეზონის ლიდერსა და თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა.

მოკრივისადმი პატივისცემის ნიშნად, ალისთვის დამახასიათებელი მოძრაობა შეასრულა. კვარცხლბეკზე გამართულ სახელდახელო პრესკონფერენციაზე კი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავ მაიკლ დაგლასს მიჰყავდა, განცხადა: „ეს გამარჯვება ალის ეძღვნება. ბოლო 15 წრეზე მასზე ვფიქრობდი. შესაძლოა, ის ზემოდან უცქერდა ამ რბოლას. ეს მისთვისაა“.

Lewis-Hamilton,-Mercedes

მეორე ადგილს დასჯერდა სებასტიან ფეტელი, რომელმაც შესანიშნავი სტარტი აიღო და პირველ მოსახვევში „მერსედესის“ ორივე პილოტს შეასწრო. ის 11 წრე დამაჯერებლად ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ ჯენსონ ბატონის „მაკლარენზე“ ძრავი აალდა, რის გამოც, უსაფრთხოების ვირტუალური მანქანა „ჩაირთო“. ამ დროს, ფეტელს ბოქსებში უხმეს, მაგრამ მარშლებმა სწრაფად მოახერხეს დაზიანებული მანქანის ევაკუირება და ვირტუალური უსაფრთხოების ავტომობილიც ერთ წრის შემდგ „გავიდა“ ტრასიდან. ამ დროს ფეტელი ბოქსებში იყო და ლიდერი ჰამილტონი გახდა.

თვითონ ჰამილტონს, პირველ ორ მოსახვევში ბრძოლა გადახდა როსბერგთან. მეორე მოსახვევის გავლისას, მათი მანქანები წინა ბორბლებით შეეხნენ კიდეც ერთმანეთს. ჰამილტონი ტრაექტორიაზე დარჩა, როსბერგს კი გზის მიღმა გავლამ მოუწია და რამდენიმე პოზიცია დაკარგა. მოგვიანებით ჰამილტონმა აღიარა, რომ მოსახვევამდე უფრო გრძელი სწორი რომ ყოფილიყო, როსბერგი გაასწრებდა. ჩემპიონატის ლიდერმა განაცხადა, რომ თავიდან ძალიან გაბრაზდა მომხდარით, თუმცა მომხდარს სარბოლო ინციდენტი უწოდა.

shell-for-web

უნდა ითქვას, რომ ჰამილტონმა საკმაოდ რისკიანი, ერთსტოპიანი სტრატეგიით ისარგებლა. ფეტელმა კი ორი შეასრულა და მართალია, მეორე პიტ სტოპის შემდეგ, ზედიზედ რამდენჯერმე, წრის საუკეთესო დრო აჩვენა, მაგრამ რბოლის მიწურულს საბურავები „არ ეყო“. იმ დროს, როცა ჰამილტონს პრაქტიკულად არ ჰქონდა დაბრკოლება, ფეტელს რამდენიმე პილოტის გასწრებამ მოუწია და ამ დროს საბურავების დაზოგვას ვერ ახერხებდა. ბოლო წრეებზე კი აგრესიულობამ რამდენიმე შეცდომა დააშვებინა, რის გამოც, ლიდერის დევნაზე ხელი აიღო.

როსბერგის პრობლემები კი ჰამილტონთან კონტაქტით არ დასრულდა. მას რბოლისას უკანა მარჯვენა ბორბალი დაეშვა, რაზეც ბევრი დრო დაკარგა. თუმცა ბოლოსთვის მაინც შეძლო მაქს ფერსტაპენის დაწევა და შეუტია კიდც მას, მაგრამ „რედდ ბულის“ პილოტმა საკმაოდ აგრესიულად და იმავდროულად კორექტულად დაიცვა თავისი მეოთხე პოზიცია.

კანადის დიდი პრიზი

მონრეალი, დისტანცია 305.270 კმ (4.361 კმ, 70 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:31:05.296
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) +00:05.011
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 00:46.422
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 00:53.020
  5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 01:02.093
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 01:03.017
  7. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 01:03.634
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1 წრე
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  12. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1 წრე
  13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 2 წრე
  14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2 წრე
  15. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 2 წრე
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 2 წრე
  17. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 2 წრე
  18. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 2 წრე
  19. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 2 წრე

გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                           35 წრე

გ. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო)                      54 წრე

გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                   61 წრე

შენიშვნა: გ – გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი – 1:15.599, მე-60 წრე

პილოტების კლასიფიკაცია: 1. ნიკო როსბერგი – 116 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი – 107; 3. სებასტიან ფეტელი – 78; 4. დანიელ რიკიარდო – 72; 5. კიმი რაიკონენი – 69; 6. მაქს ფერსტაპენი – 50; 7. ვალტერი ბოტასი – 44; 8. ფელიპე მასა – 37; 9. სერხიო პერესი – 24; 10. დანილ კვიატი – 22; 11. რომენ გროჟანი – 22; 12. ფერნანდო ალონსო – 18; 13. ნიკო ჰულკენბერგი – 18; 14. კარლოს საინსი – 18; 15. კევინ მაგნუსენი – 6; 16. ჯენსონ ბატონი – 5; 17. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) – 1…

კონსტრუქტორთა თასი: 1. მერსედესი – 223 ქულა; 2. ფერარი – 147; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი – 130; 4. უილიამს-მერსედესი – 81; 5. ფორს ინდია-მერსედესი – 42; 6. ტორო როსო-ფერარი – 32; 7. მაკლარენ-ჰონდა – 24; 8. ჰაას-ფერარი – 22; 9. რენო – 6; 10. ზაუბერ-ფერარი – 0; 11. მენორ-მერსედესი – 0

rubrikis-sponsori