მართალია, ეს ავტომობილი გამოიყურება, როგორც Range Rover Evoque-ის გადაკეთებული ვერსია, მაგრამ ის ბრიტანული მარკის ყველაზე გაყიდვადი მოდელის პლატფორმაზე არაა ბაზირებული და არც მისი აღჭურვილობა აქვს. Milner Racing-ის ავტომობილი, სახელად LRM-1, მოძრაობაში მოჰყავს LS3 ძრავს, რომელიც უკან განლაგდა, როგორც ეს სპორტულ სუპერ ავტომობილებზეა ხოლმე.

უკვე ეს ფაქტი (ძრავის განლაგება) მეტყველებს იმაზე, რომ გარეგნობის გარდა, LRM-1-ს საერთო არაფერი აქვს Evoque-თან. გარდა ამისა, სტანდარტულ ევოუკთან შედარებით, ეს ავტომობილი 4/5 მასშტაბისაა, ანუ სერიულ მოდელზე პატარაა. ამის ფონზე, სტანდარტული ზომის ბორბლები ზორბად მოჩანს. სახურავზე ძრავისთვის ჰაერის ამღები განლაგდა, კაპოტს კი უზარმაზარი ჭრილები აქვს, რომლებიც რადიატორს „ანიავებენ“.

კომპოზიციური მასალისგან დამზადებული ძარა, სივრცულ ჩარჩოზე აწყობილ შასის ფარავს, რომელსაც ბორბლებთან ჩანგლისებრი ორმაგი ბერკეტები აკავშირებს. საკიდარი სრულად დამოუკიდებელია. როგორც დაკარის რბოლებისთვის მომზადებულ ავტომობილებზეა ხოლმე, ჩარჩო ფოლადის მილებისგან შეიკრა. მთლიანობაში, კონსტრუქცია არის მსუბუქი და ძალიან მტკიცე.

რაც შეეხება ძრავს (LS3), ესაა 6.2-ლიტრიანი V8, რომელიც Chevrolet Corvette-ს ამოძრავებს. მისი სიმძლავრე 535 ცხენის ძალაა. მასთან წყვილში მუშაობს 5-საფეხურიანი მექნიკური გადაცემათა კოლოფი (Tremec TK600). გარდა ამისა, ავტომობილს აქვს უკუსვლის ცალკე კოლოფი. ავტომობილი ასევე Skyline-ს გაზრდილი ხახუნის დიფერენციალით არის აღჭურვილი.

Milner Racing თავის Evoque-ს 125 000 გირვანქა სტერლინგად აფასებს.