ისევე როგორც ბაჰრეინში, დათა ქაჯაიამ ეშტორილზეც მეორე რბოლა უკეთ ჩაატარა, რაშიც ხელი მანქანამაც შეუწყო, თუმცა არა იმდენად, რომ კარგი ადგილებისთვის ებრძოლა. სტარტამდე ნახევარი საათით ადრე, გუნდს მისი მომართვა დასრულებულიც არ ჰქონდა და ვერავინ იტყოდა, დათას ამჯერადაც თავის მანქანასთან მოუწევდა ბრძოლა, თუ მეტოქეებთან.

TCR series Estoril, Portugal 22 - 24 April 2016

რაც მთავარია, დათას კვალიფიკაციაზე ნაჩვენები მე-12 დროის გამო, მეორე რბოლის რევერსის წესი არ შეეხო და სტარტზეც ათეულს მიღმა დადგა, რაც იმთავითვე კარგი შედეგის იმედს არ იძლეოდა. თუმცა, „ენგსტლერ მოტორსპორტის“ მექანიკოსებმა შეძლეს მუხრუჭების (რომლებიც პირველ რბოლაში ხშირად იბლოკებოდა) პრობლემის მოგვარება და საკიდარის უკეთ მომართვა, რამაც დათას საქმე შედარებით გაუადვილა.

TCR series Estoril, Portugal 22 - 24 April 2016

ქაჯაიამ რბოლის დასაწყისშივე შეძლო რამდენიმე პოზიციით წინ წაწევა, ჩამოიტოვა თანგუნდელი მიხაილ გრაჩოვი და მეოთხე წრისთვის მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა. ის აკუ პელინენსაც დაეწია, რომელიც ჯანი მორბიდელის მისდევდა, მაგრამ შესატევ მანძლზე ვერ მიუახლოვდა. საბოლოოდ, დათამ რბოლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა და თავისი ქულათა მარაგი 20-მდე შეავსო.

TCR series Estoril, Portugal 22 - 24 April 2016

რბოლა კი ბრიტანელმა ჯეიმს ნეშმა (კრაფტ ბამბუ, სეატი) მოიგო, რომელიც სტარტიდანვე დაწინაურდა და ბოლომდე ადვილად შეინარჩუნა უპირატესობა. „ლეოპარდ რეისინგის“ ორი „ფოლკსვაგენი“ამჯერადაც მდევრის როლში იყო, თუმცა მე-12 წრეზე, მორბიდელიმ უშეღავათო ბრძოლაში ჩამოიტოვა ჟან-კარლ ვერნეის, რომელმაც ამის შემდგ ტემპი დაკარგა და სერგეი აფანასიევსაც ვეღარ შეეწინააღმდეგა. სანამ მორბიდელი და ვერნეი მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ, სტეფანო კომინი მათ უსაფრთხო მანძილზე დაშორდა და ფინიშის ხაზიც მეორემ გადაკვეთა.

TCR-ის საერთაშორისო სერია

მე-2 ეტაპი, ეშტორილი (პორტუგალია)

რბოლა 2 (15 წრე)

  1. ჯეიმს ნეში (ბრიტანეთი, სეატი) 27’46.901
  2. სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენი) 27’49.153
  3. ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა) 27’54.142
  4. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი) 27’56.493
  5. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 27’58.523
  6. აკუ პელინენი (ფინეთი, ჰონდა) 28’03.660
  7. დავით ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) 28’06.091
  8. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) 28’07.828
  9. ფრანცისკო მორა (პორტუგალია, სეატ კაპი) 28’08.160
  10. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 28’19.436
  11. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ფოლკსვაგენი) 28’20.083
  12. კევინ გლისონი (აშშ, ჰონდა) 28’20.712
  13. ატილა ტასი (უნგრეთი, სეატი) 28’23.702
  14. მიქაელა ჩერუტი (იტალია, ალფა რომეო) 28’26.010
  15. ლუკა რანგოტი (იტალია, სუბარუ) 4 წრე

კლასიფიკაციის გარეშე

  1. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, სეატი) 13 წრე
  2. ლორის ჰეზემანსი (ჰოლანდია, სეატი) 15 წრე

კლასიფიკაცია 4 რბოლის შემდეგ

  1. ჯანი მორბიდელი – 70 ქულა; 2. ჯეიმს ნეში – 69; 3. პეპე ორიოლა – 56; 4. სერგეი აფანასიევი – 50; 5. სტეფანო კომინი – 41; 6. ჟან-კარლ ვერნეი – 31; 7. დუშან ბორკოვიჩი – 27; 8. მატ’ო ჰომოლა – 25; 9. აკუ პელინენი – 25; 10. დავით ქაჯაია – 20; 11. ხორდი ორიოლა (ესპანეთი, ოპელ ასტრა) – 8; 12. ლუიჯი ფერარა (იტალია, სუბარუ) – 4; 13. ფრანცისკო მორა – 3; 14. სალმან ალ ხალიფა (ბაჰრაინი, სეატ ლეონ კაპ) – 2; 15. ლორის ჰეზემანსი – 2; 16. მიხაილ გრაჩოვი – 1