პორტუგალიის ქალაქ ეშტორილის ტრეკი, TCR-ის საერთაშრისო სერიის მეორე ეტაპს მასპინძლობს. დღეს შუადღისით პირველი რბოლა გაიმართა, რომელიც იტალიელი ჯანი მორბიდელის (ჰონდა) გამარჯვებით დასრულდა. ფ1-ის ყოფილმა პილოტმა, პოულიდან დაწინაურებულ სლოვაკ მატ’ო ჰომოლას (სეატი) დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და ამ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

TCR series Estoril, Portugal 22 - 24 April 2016

ჰომოლამ კარგა ხანს შეძლო მოწინავე პოზიციის დაცვა, მაგრამ მალე წინა საბურავები ზედმეტად გაუცვდა და პრობლემებიც დაეტყო. გამოცდილმა მორბიდელიმ უმალ იგრძნო ეს და შეუტია. გასწრების შემდეგ კი სოლიდური ჰანდიკაპის შექმნაც შეძლო. ჰომოლამ ვერც მეორე პოზიცია დაიცვა და საბოლოოდ, კვარცხლბეკს მიღმა დარჩა. მეორე და მესამე ადგილები, „ლეოპარდ რეისინგის“ „ფოლკსვაგენით“ მოასპარეზე ფრანგმა ჟან-კარლ ვერნეიმ და მოქმედმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა სტეფანო კომინიმ დაიკავეს.

TCR series Estoril, Portugal 22 - 24 April 2016

ამჯერად სამეულს მიღმა დარჩნენ „კრაფტ ბამბუს“ გუნდის პილოტები, რომლებიც ბაჰრეინის ორივე რბოლას დომინირებდნენ. ამ გუნდის „სეატებით“ მოასპარეზე რუსმა სერგეი აფანასიევმა და ბრიტანელმა ჯეიმს ნეშმა შესაბამისად, მეხუთე და მეექვსე ადგილები დაიკავეს. მხოლოდ მერვე ადგილს დასჯერდა პირველი ორი რბოლის გამარჯვებული, ესპანელი პეპე ორიოლა, რომელსაც კლასიფიკაციაში მორბიდელი გაუთანაბრდა – ორივეს 55 ქულა აქვს.

TCR series Estoril, Portugal 22 - 24 April 2016

სამწუხაროდ, ცუდად იასპარეზა დათა ქაჯაიამ, ვინც სტარტი მე-12 ადგილიდან აიღო და ფინიშთან მე-13 მივიდა. მიზეზი ისევ მანქანაა… წარუმატებელი კვალიფიკაციის შემდეგ, გუნდმა არათუ უკეთ მომართა მანქანა, პირიქით. დათას თქმით, სტარტიდანვე ყველაფერი არეული იყო, რაც მას ბრძოლის საშუალებას არ აძლევდა. მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა. ისე ჩანდა, რომ მისი მანქანა მოსახვევში „ვერ ეტეოდა“, რაც არასაკმარის მოხვევადობას ახასიათებს.

TCR series Estoril, Portugal 22 - 24 April 2016

რბოლის დასაწყისში დათამ რამდენჯერმე გაიბრძოლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ბოლოსკენ კი პორტუგალიელმა ფრანსისკო მორამაც გაასწრო. საბოლოოდ, ქართველი მრბოლი მე-13 ადგილს დასჯერდა. იმედია, მეორე რბოლისთვის, რომელიც საღამოს გაიმართება, „ენგსტლერ მოტორსპორტი“ ქაჯაიას მანქანას უკეთ მომზადებას შეძლებს და ჩვენებურს უკეთესი ადგილისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.

TCR-ის საერთაშორისო სერია

მე-2 ეტაპი, ეშტორილი (პორტუგალია)

რბოლა 1 (15 წრე)

  1. ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა) 27’53.287
  2. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 27’54.313
  3. სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენი) 27’57.400
  4. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) 27’58.750
  5. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი) 27’59.128
  6. ჯეიმს ნეში (ბრიტანეთი, სეატი) 28’00.800
  7. აკუ პელინენი (ფინეთი, ჰონდა) 28’07.938
  8. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 28’13.802
  9. ლორის ჰეზემანსი (ჰოლანდია, სეატი) 28’14.003
  10. ფრანცისკო მორა (პორტუგალია, სეატ კაპი) 28’14.365
  11. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ფოლკსვაგენი) 28’16.398
  12. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, სეატი) 28’16.560
  13. დავით ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) 28’17.842
  14. ატილა ტასი (უნგრეთი, სეატი) 28’23.045
  15. მიქაელა ჩერუტი (იტალია, ალფა რომეო) 28’40.334

კლასიფიკაციის გარეშე

  1. ლუკა რანიოტი (იტალია, სუბარუ) 11 წრე
  2. კევინ გლისონი (აშშ, ჰონდა) 14 წრე