პებლ ბიჩის საავტომობილო ფესტივალზე, Cadillac-მა თავისი ახალი კონცეპტუალური ატომობილი Escala წარადგინა, რომელიც შესაძლოა ამერიკული პრემიუმ ბრენდის ახალი კორპორატიული სტილის წინამორბედია. წინა კონცეპტების მსგავსად, ამ ავტომობილსაც მეტნაკლებად კუთხოვანი ფორმები ახასიათებს.

ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა რადიატორის ცხაური, წვრილი ფარები (წინაც და უკანაც), რადიატორის ფორმის ამონატვიფრი უკანა ფარებს შორის, პროფილირებული კაპოტი და სხვა. კონცეპტი CT6-ის პლატფორმა „ომეგას“ მოდიფიცირებულ ვარიანტზეა ბაზირებული და აქვს ოთხკარიანი კუპეს სტილის ძარა.

cadillac-escala-concept3

კონცეპტ Escala-ს გაბარიტებია: სიგრძე 5 347 მილიმეტრი, სიგანე 1 948 მილიმეტრი, სიმაღლე 1 455 მილიმეტრი. ბორბლებს შორის კი 3 228 მილიმეტრია. ამგვარად, ის დონორ CT6-ზე 163 მილიმეტრით გრძელი, 69 მილიმეტრით განიერი და 17 მილიმეტრით დაბალია. ბაზის მიხედვითაც კონცეპტი საბაზისო სედანზე 119 მილიმეტრით გრძელია.

ავტომობილი აღჭურვილია 4.2-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით, რომელიც 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სხვათა შორის, დიდი ხანია ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ძრავის ასეთი მძლავრი ვერსიით სედანი CT6 აღიჭურვოს, რაც ალბათ მალე მოხდება. ძრავი ეკიპირებულია ცილინდრების გათიშვის სისტემით, რაც საწვავის ეკონომიურად მოხმარებას უზრუნველყოფს.

სალონში სიმდიდრე და მინიმალისტური სტილი დომინირებს. ის გაწყობილია ღია ფერის ძვირფასი ტყავით, რომელთანაც მსუბუქი ძვირადღირებული ტექსტილია შეხამებული. მაჩვენებლების დაფის როლს კი სენსორული ეკრანი ასრულებს, რომელზეც ავტომობილის სისტემების და აგრეგატების პრაქტიკულად ყველანაირი ინფორმაციის გამოტანაა შესაძლებელი. წინა სავარძლების უკან კი ტაბლეტის ტიპის კომპიუტერები მოთავსდა.

რაც შეეხება სახელს, ესპანურად Escala მასშტაბს ნიშნავს. შესაძლოა ეს სიტყვა Cadillac-მა იმის მისანიშნებლად გამოიყენა, რომ ჩვენთვის ემცნო – ამ სტილს სხვადასხვა გაბარიტების ავტომობილზე გამოიყენებს. ან იქნებ, ამ კონცეპტის მსგავსი იქნება ბრენდის ახალი ფლაგმანი, რომელსაც ბაზარი უკვე დიდი ხანია, ელის.