რამდენიმე დღის წინ ჟენევის პოლიციამ ჰიპერ ავტომობილები – Koenigsegg One:1, Lamborghini Veneno Roadster-ი, Bugatti Veyron-ი, ასევე კიდევ რამდენიმე სუპერ ავტომობილი, საჯარიმო ევაკუატორით „მოხსნა“. ოღონდ არა იმიტომ, რომ ისინი წესების დარღვევით იყო პარკირებული. როგორც ირკვევა, ყველა ეკვატორული გვინეას (პატარა აფრიკული ქვეყანაა კამერუნსა და გაბონს შორის) ვიცე პრეზიდენტს ეკუთვნოდა.

supercars-koenigsegg-one11

გამოცემა GTspirit-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტეოდორო ნგუემა ობიანგ მანგუეს სუპერ ავტომობილების შესაძენად, სახელმწიფო სახსრები გაუფლანგავს. ჟენევის აეროპორტიდან პოლიციას სულ მანგუეს კუთვნილი რვა სუპერ ავტომობილი „დაუკავებია“. მათ შორისაა Ferrari Enzo, Ferrari LaFerrari, McLaren P1 და Porsche 918 Spyder-ი“.

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მანგუეს შესაძლოა თავისი ავტომობილების ჟენევიდან ევაკუაცია სურდა, რადგან შეუტყვია, რომ მის საქმიანობასთან დაკავშირებით, შვეიცარიაში წარმოებული გამოძიება განახლდა. საქმის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას პოლიცია ჯერჯერობით არ ახმოვანებს. გამოძიება მაშინ დაწყებულა, როცა ვიცე პრეზიდენტმა თავისი ავტომობილები ჟენევაში გადაიტანა.

საინტერესოა, რომ მანგუეს ოჯახისთვის სუპერ ავტომობილები უცხო არაა. მანგუეს მამას, ეკვატორული გვინეას პრეზიდენტ ტეოდორო ობიანგ ნგუემა მბასოგოს 11 სუპერ ავტომობილი ჰყოლია, მაგრამ მას ისინი პარიზის პოლიციამ 2011 წელს ჩამოართვა, რის შემდეგაც ისინი აუქციონზე, ჯამში 4.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. მათ შორის იყო Porsche Carrera GT, Maserati MC12, ორი ცალი Bugatti Veyron-ი და Ferrari Enzo.