Mercedes-Benz-მა ახლახანს კონცეპტუალური ავტომობილი, Vision Mercedes-Maybach 6 შეიმუშავა, რომელსაც Maybach-ის სახელი მისცა. იმ ავტომობილის წარმოება ნაკლებად მოსალოდნელია. მაგრამ თითქმის უცნობმა კანადურმა კომპანიამ, სახელად Scaldarsi Motors-მა შეიმუშავა ლიმუზინი, სახელად Emperor I, რომლის ყიდვაც, სურვილის შემთხვევაში, ახლავე შესაძლებელია. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ 1.5 მილიონი დოლარის გადახდას შეძლებთ.

Maybach-11

მაგრამ რა შუაშია Maybach-ი? საქმე ისაა, რომ “პირველი იმპერატორი” სწორედ იმ ავტომობილის ბაზაზე შეიმუშავა, რომელსაც სახელში Maybach-ი ურევია. ესაა Mercedes-Benz Rocket 900 Maybach-ი, რომლის 6.2-ლიტრიანმა წყვილ ტურბოიანმა V12 ძრავმა, კანადურ ლიმუზინზეც გადაინაცვლა. ოღონდ, წინასწარ მას Brabus-მა ჩაუტარა მოდიფიკაცია, რის შემდეგაც, სიმძლავრე 888 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ამ ძრავის დახმარებით, ლიმუზინს ადგილიდან ასის აკრეფა 3.7 წამში შეუძლია!

კანადური კომპანია თავის ქმნილებას “ფუმფულა მშვენიერებას” უწოდებს და აცხადებს, რომ “იმპერატორის” შესაქმნელად, მსოფლიოში საუკეთესო ინჟინრები, დიზაინერები და ოსტატები მუშაობდნენ. სხვათა შორის, Scaldarsi Motors-ი მომავალშ ავტომობილების გარდა, მდიდრული იახტების ბიზნეს კლასის რეაქტიული თვითმფრინავების გამოშვებასაც გეგმავს.

Maybach-6

Emperor I-ის ექსტერიერის დიზაინი ძირეულად განსხვავდება დონორი Mercedes-Maybach-ისგან. მას აქვს გაგანიერებული ძარა, ახლებურად გაფორმებული წინა და უკანა ნაწილები, რადიატორის რთული ფორმის, ზორბა ცხაური და ასევე რთული ფორმის ბორბლები. ცხაური და ბორბლები გრაფიტის და სპილენძის ფერებშია გაწყობილი. ძარის ზოგიერთი ელემენტი კი 24-კარატიანი ოქროთია მოვარაყებული. კაბინ უამრავი ინდივიდუალური და ძალიან მდიდრული დეტალით გამოირჩევა. მის გასაფორმებლად, 24 ეგზოტიკური ცხოველის ტყავი გამოიყენეს.

Scaldarsi Motors-ი მხოლოდ 10 ცალი Emperor I-ის დამზადებას აპირებს. თითოეული 1.5 მილიონი ამერიკული დოლარი ეღირება. ამ ტირაჟის ამოწურვის შემდეგ კი Emperor II-ის შემუშავებას გეგმავს, რომლის ბაზისადაც Mercedes-AMG S65 Coupe-ს გამოიყენებს. მას მოჰყვება Emperor III (Bentley Bentayga-ს ბაზაზე), Emperor IV (Mercedes-AMG G65-ის ბაზაზე) და Emperor V (BugattiChiron-ის ბაზაზე).