პატარა ბრიტანული კომპანია Elemental-ი გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, თავის პირველ ავტომობილ Rp1-ს წარადგენს, რომელიც სარბოლო ავტომობილის თვისებებით გამოირჩევა – არის ძალიან მსუბუქი, აეროდინამიკურად დახვეწილი და საკმარისად მძლავრი იმისათვის, რომ თავის მფლობელს ტემპერამენტიანი მართვით სიამოვნება მიანიჭოს.

Elemental-მა თავის ავტომობილის დასახვეწად, მას MIRA-ს სრულმასშტაბიან აეროდინამიკურ მილში ინტენსიური ტესტები ჩაუტარა. ამის წყალობით, Rp1 თავის კლასში საუკეთესო მახასიათებლებით გამოირჩევა. 150 კმ/სთ სიჩქარისას, ავტომობილზე 400 კილოგრამზე მეტი აეროდინამიკური დატვირთვა მოდის. და ამას სპოილერების და ფრთების გამოყენების გარეშე მიაღწიეს.

ElementalRP1-06

„აეროდინამიკის გეომეტრია იმგვარად არის შემუშავებული, რომ ძარის გარეთ სპოილერების და ფრთების გამოყენება არ დაგვჭირდა. ამით, წონაც დავზოგეთ და ავტომობილს ჰაერის შემხვედრი ნაკადისადმი უფრო მცირე წინააღმდეგობა აქვს. Rp1-ის ძარის ზედაპირი გლუვი და აეროდინამიკურად დახვეწილია. მასთან შეხამებული წინა სპლიტერის და უკანა დიფუზორის დახმარებით, ჩვენ მანქანის ქვეშ მოძრავ ჰაერის ნაკადს სასურველი მიმართულება მივეცით და ამით უმაღლესი ხარისხის გრაუნდ-ეფექტს მივაღწიეთ“, – ამბობს კომპანს დამაარსებელი და ტექნიკური დირექტორი ჯონ ბეგლი.

ElementalRP1-05

ორადგილიანი შუაძრავიანი ავტომობილი აგებულია კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მზიდ სტრუქტურაზე, რომელიც სულ რაღაც, 65 კილოგრამს იწონის. სიმსუბუქის გარდა, ეს სტრუქტურა მაღალი სიხისტითაც გამოირჩევა. მასში პილოტის პოზიცია დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ფ1-ის ბოლიდში. ავტომობილის წონა კი 540 კილოგრამზე ოდნავ მეტია.

რაც შეეხება ძრავებს. მყიდველს ორ აგრეგატს შესთავაზებენ. ორივე Ford-ის წარმოებისაა. ერთია სერია ეკობუსტის 2.0-ლიტრიანი, რომელიც 320 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მეორე კი ასევე სერია ეკობუსტის სამცილინდრიანი, 1.0-ლიტრიანი და ის 180 ცხენის ძალას იძლევა. პირველი ძრავის შემთხვევაში, ავტომობილის სიმძლავრის წონასთან ფარდობა, პირობით ტონაზე დაახლოებით 500 ცხენის ძალაა.