ამ ორი ავტომობილის შედარება პრაქტიკულად შეუძლებელია. მათ პრაქტიკულად ყველა მახასიათებელი განსხვავებული აქვთ. ამასთან ბრიტანული სპორტქარი ყველა მახასიათებლით ჩამორჩება ფრანგულ ჰიპერ ავტომობილს, რომელსაც ადგილიდან ასამდე აჩქარებაში, სერიული ავტომობილების რეკორდი ეკუთვნის – 2.5 წამი. მხოლოდ სიმსუბუქით სჯობნის მას…

Elemental RP1-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 2.7 წამში შეუძლია და ეს დინამიკა სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ მისმა მწარმოებელმა იამყოს, მაგრამ Elemental-ს უფრო მეტი სურს. მისი პირველი მიზანი 2.5 წამია. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მცირე მოდიფიკაცია საკმარისი იქნება ამ მიზნის მისაღწევად.

RP1 პირველად საზოგადოების წინაშე ახლახანს, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარსდგა. საერთოდ, Elemental-ი დამწყები კომპანიაა და ეს მისი პირველი მოდელია. 620-კილოგრამიან ავტომობილს მამოძრავებელი ძალით Ford-ის სერია ეკობუსტის 2.0-იტრიანი ძრავი ამარაგებს, რომლის სიმძლავრეც 280 ცხენის ძალაა. ავტომობილი ტესტებს ლონგქროსის ტრეკზე გადიოდა, რომელიც ყოფილი სამხედრო ბაზის ადგილზე მდებარეობს. თუმცა მას არასდროს იყენებენ იმისათვის, რომ ავტომობილის დინამიკური შესაძლებლობები შეამოწმონ.

RP1-ს ტესტები სწორედ ამ ტრეკზე ჩუტარდა და იქვე დააფიქსირა 2.7 წამი. თან, როგორც კომპანიის ტექნიკური დირექტორი ჯონ ბეგლი ამბობს, საჭესთან არ მჯდარა პროფესიონალი მრბოლი და თან, საბურავებიც გვარიანად გაცვეთილი ყოფილა. ბეგლის თქმით, ტელემეტრიული მაჩვენებლების მიხედვით, RP1-ს გაცილებით მეტი შეუძლია. თუმცა დასძენს, რომ სწორზე დროის შემცირება კომპანიის თვითმიზანს არ წარმოადგენს. „სასიამოვნოა, როცა იცი, რომ სწრაფი ხარ, მაგრამ ჩვენ ამჟამად ისეთი ავტომობილის შემუშავებაზე ვართ ფოკუსირებული, რომელიც სასიამოვნო სამართავი იქნება“, – ამბობს ბეგლი.

საინტერესოა, რომ კომპანიამ საკუთარი სისტემა ლონჩ კონტროლი შეიმუშავა, რომელიც სარბოლო რეჟიმში სტარტისას, ბორბლების ადგილზე მოსრიალებას აღკვეთავს. გარდა ამისა, სტარტზე ჩაჭიდების გასაუმჯობესებლად, ავტომატურ რეჟიმში რთავს პირველ სამ საფეხურს.

Elemental-ს თავის პირველ ავტომობილზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებული აქვს. პირველი ორი შეკვეთა უკვე შესრულებულიცაა. თითოეული ავტომობილის საბაზო ფასი 100 000 გირვანქა სტერლინგია.