ბრიტანულმა კომპანია „ელემენტალ ქარზმა“ წარმოებისთვის თავისი პირველი ავტომობილი RP1 მოამზადა, რომელიც სიმსუბუქით და შესაშური დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. ავტომობილი იმ ინჟინრების მიერაა შემუშავებული, რომლებსაც „მაკლარენში“, „პორშეში“, ასევე ბრიტანეთის ტურინგის კლასის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. მათი ქმნილება კონკურენციას „BAC მონოს“ და „KTM X-ბოუს“ გაუწევს.

ღია ორადგილიანი ავტომობილი აღჭურვილია „ფორდის“ სერია ეკობუსტის 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 280 ცხენის ძალას და 440 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. როგორც კომპანიის ტექნიკური დირექტორი ჯონ ბეგლი ამბობს, ტესტების და სრულყოფის პროცესის დასრულების შემდეგ, RP1-ის ტოპ ვერსია, ადგილიდან ასის აკრეფას 3.0 წამზე ნაკლებში შეძლებს.

elemental-rp1-2015-028

მყიდველს ასევე შესთავაზებენ RP1-ის ვერსიებს, რომლებიც იმავე „ფორდის“ სერია ეკობუსტის 1.0-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება. ამასთან, ძრავს ფორსირების ორი დონე ექნება. ერთის სიმძავრე 160 ცხენის ძალას მიაღწევს, მეორისა კი – 180 ცხენის ძალას. ყველა ძრავის შემთზვევაში, მათთან წყვილში 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი იმუშავებს, რომლის საფეხურების შეცვლაც, საჭის რგოლის უკან განლაგებული ნიჩბებით იქნება შესაძლებელი.

„ელემენტალ RP1“ აგებულია კარბონის კომპოზიტის და ალუმინის მილების გამოყენებით დამზადებულ სივრცულ სტრუქტურაზე, ძარის ელემენტები კი კარბონისგან დამზადდა. მყიდველის სურვილის შემთხვევაში, ძარა შუშაბოჭკოვანი კომპოზიტით დამზადდება, რაც ავტომობილის ფასს დასწევს. მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით, ავტომობილის წონა 600 კილოგრამს არ ასცდება. ის „ლოტუს ელიზზე“ 300 კილოგრამით მსუბუქი იქნება. დახვეწილი აეროდინამიკის წყალობით, 160 კმ/სთ სიჩქარეზე ავტომობილის ჩაჭიდების ძალა დაახლოებით 200 კილოგრამით გაიზრდება.

elemental-rp1-2015-033

„ელემენტალ RP1-ზე“ შეკვეთების მიღება მომავალი წლიდან დაიწყება. მისი ფასი 60 000 გირვანქა სტერლინგი იქნება. კომპანია წლიურად მხოლოდ 40-60 ცალი სპიდსტერის წარმოებას გეგმავს, შემდგომში კი, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, წარმოების მოცულობა 100-მდე გაიზრდება.