Ford -მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იმ 13 გლობალური ელექტრიფიცირებული მოდელიდან, რომელთა გამოშვებასაც გეგმავს, 7 ბაზარზე უახლოეს ხუთ წელიწადში გამოვა. მათ შორის კი იქნება Mustang-ის, პიკაპ F-150-ის და ვენ Transit Custom-ის ჰიბრიდული და პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსიები.

ამ პოპულარული მოდელების ელექტრიფიცირებული ვერსიების გარდა, ცისფერი ოვალი ასევე გამოუშვებს სრულად ელექტრულ უგზოობის მოდელს, რომელიც სუფთა ფურცლიდან შემუშავდება და ის არ იქნება რომელიმე არსებული ავტომობილის ელექტრული ვერსია. ელექტრული SUV-ის სვლის სიშორე 500 კილომეტრზე მეტი იქნება და ის გლობალურ ბაზარზე გაიყიდება.

თუმცა ყველაზე მეტად საინტერესო მაინც Mustarng-ის ჰიბრიდული ვერსიაა. როგორც ამერიკული კომპანია ირწმუნება, ამ ვერსიას V8 ძრავის დონის სიმძლავრე ექნება და უფრო მეტი მაბრუნი მომენტი ექნება, რომელსაც დაბალი ბრუნვებიდანვე გამოიმუშავებს. ჰიბრიდული „მუსტანგის“ წარმოება 2020 წელს უნდა დაიწყოს და თავიდან ის ამერიკაში გაიყიდება, თუმცა შემდეგ სხვა ბაზრებზეც შევა.

რაც შეეხება F-150 Hybrid-ს, ისიც ბაზარზე 2020 წელს გამოვა და თავიდან ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე გაიყიდება, შემდგომში კი სხვა რეგიონების მყიდველებსაც შესთავაზებენ. ეს ავტომობილი საჭიროების შემთხვევაში, ელექტრო ენერგიის მობილური გენერატორის მოვალეობის შესრულებასაც შესძლებს.

ერთი წლით ადრე დაიწყება Transit Custom-ის წარმოება და მას ჯერ ევროპელ მყიდველს შესთავაზებენ. გარდა ამისა, „ფორდი“ ორი საპოლიციო ჰიბრიდული მოდელის გამოშვებასაც აპირებს.