ეს რეტრო ავტომობილი, სახელად Effeffe Berlinetta ძმებმა, ლეონარდო და ვიტორიო ფრიჯერიოებმა თავიანთ სახელოსნოში დაამზადეს, რომელიც ქალაქ მონცაში მდებარეობს. პირველად მისი კონცეპტუალური ვერსია, ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე, 2014 წელს წარადგინეს, ახლახანს კი გამოაცხადეს, რომ სერიულ (რა თქმა უნდა, ასეთ ავტომობილებზე სერიულის თქმა პირობითად შეიძლება) ვერსიას მონაკოში, სალონ ტოპ მარკიზზე წარადგენენ.

effeffe-berlinetta-by-officine-fratelli-frigerio-races-towards-production_2

როცა Effeffe Berlinetta-ზე მუშაობა დაიწყეს, ფრიჯერიოებს სურდათ, რომ უნიკალური ავტომობილი შეექმნათ, რომელიც 1960-იანი წლების გრან ტურიზმოს ტიპის ავტომობილების სტილში შესრულდებოდა, როგორებსაც იმ დროს იტალიელი ქოუჩბილდერები (ინდივიდუალური ძარების მწარმოებელი ატელიეები) აწარმოებდნენ.

effeffe-berlinetta-by-officine-fratelli-frigerio-races-towards-production_5

მისი გარეგნობა სწორედ 1960-იანების კლასიკურ სტილს იმეორებს. ფორმების გარდა, ბორბლები და საჭის რგოლიც კი იმ დროინდელია. ძარა ალუმინის ფურცლებისგან დამზადდა, რაც ძალიან შრომატევადი საქმეა. ავტომობილი ფოლადის მილებისგან შეკრულ სივრცულ სტრუქტურას ეყრდნობა, რომელიც თანამედროვე CAD სისტემის დახმარებით დააპროექტეს, რათა მტკიცე და მსუბუქი ყოფილიყო. სალონი მინიმალისტურია.

effeffe-berlinetta-by-officine-fratelli-frigerio-races-towards-production_3

ავტომობილის წინა ნაწილი ჩანგლისებრ ბერკეტებზე აგებულ საკიდარს ეყრდნობა, უკან კი ხისტი ღერძი განლაგდა, რომელიც ძარას პირდაპირ დრეკადი წყვილით (ზამბარა-ამორტიზატორი) უკავშირდება. ოთხივე ბორბალს Wilwood-ის წარმოების დისკური მუხრუჭები ემსახურება. ფრიჯერიოებმა კაპოტის ქვეშ ოთხცილინდრიანი ძრავი ჩადგეს, რათა ავტომობილი მეტისმეტად არ დამძიმებულიყო.

effeffe-berlinetta-by-officine-fratelli-frigerio-races-towards-production_6

ესაა Alfa Romeo-ს 2.0-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც წინ განლაგდა და უკანა ბორბლებს ატრიალებს. მისი სიმძლავრე 180 ცხენის ძალაა. ძრავს საწვავის მიწოდებით Weber-ის ორი 45 DCOE სპორტული კარბურატორი ემსახურება, რომელსაც 1960-იანების სტილში, ჰაერის ცილინდრისებრი შემწოვები ემსახურება. ძრავთან წყვილში 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ავტომობილი სულ რაღაც 790 კილოგრამს იწონის.

ჯერჯერობით ფრიჯერიოებს თავიანთი ავტომობილის მახასიათებლები არ გამოუქვეყნებიათ. არც ის უთქვამთ, რამდენს გამოუშვებენ და თითოეული რა ეღირება. ამას ალბათ მონაკოში, ტოპ მარკიზზე იტყვიან.