საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ, მის მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგების შეჯამების შემდეგ, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკის“ პარტია შეუკვეთა. 4X4 პლატფორმაზე აგებული „დიდგორი“ ტენდერში 2014 წლის აგვისტოდან ჩაერთო.

„დიდგორი მედევაკის“ გარდა, ტენდერში ასევე ამერიკული კომპანიების – სამხედრო-სამრეწველო გიგანტ Oshkosh-ის, ჯგუფ Streit-ის, ავსტრიული Steir-ის და ამერიკული Lenco-ს ჯავშანმანქანები მონაწილეობდა. პირველი ტესტების შემდეგ, სატესტო გუნდმა ფინლური ტესტებისთვის, ქართული და Lenco-ს მანქანები დაიტოვა. არადა, სატენდერო ინფორმაცია „დელტამ“ გვიან მიიღო, რის გამოც, მძიმე პიკაპ Ford F550-ის ბაზაზე შექმნილი საბრძოლო ჯავშანმანქანის მოდიფიკაციის პროცესი დაჩქარებულად წარიმართა.

Didgori Delta 5

საველე ტესტირებისას, ტენდერში მონაწილე ჯავშანმანქანები სხვადასხვა რელიეფურ პირობებში გამოიცადა. ამასთან, მანევრები ტარდებოდა მაღალ და დაბალ სიჩქარეზე, მკვეთრ აჩქარებასა და მკვეთრ დამუხრუჭებაში, მაქსიმალურ სიჩქარეზე, გამავლობაზე. ტესტები ტარდებოდა მაღალმთიან და უდაბნოს გზებზე. განსაკუთრებით ძნლი იყო ტესტები 40-კილომეტრიანი გარბენისას, როცა ძრავს და შასის მაქსიმალური დატვირთვით უწევდა მუშაობა.

მართალია, სატენდერო ტესტები 2014 წელს დასრულდა, მაგრამ მათი შედეგების შეჯამება და ანალიზი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. გასული წლის დასაწყისში, „დელტას“, სატენდერო კომისიამ კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნები წარუდგინა, რომლის გათვალისწინებითაც, ჯავშანმანქანის ახალი პროტოტიპი დამზადდა. 2015 წლის მარტში „დელტას“ საუდის არაბეთის ოფიციალური დელეგაცია ეწვია, რომელმაც საწარმოო ბაზა დაათვალიერა და ადგილზე შეამოწმა მათივე მოთხოვნების შესაბამისად დამზადებული პროტოტიპი. ჩატარდა სადემონსტრაციო ჩვენება, რომლის დროსაც, სტუმრებს მანქანის ჯავშნის შესაძლებლობები გააცნეს.

2016 წლის იანვარში საუდის არაბეთთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ქართული წარმოების რამდენიმე ათეული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებას ითვალისწინებს. მათი ჯამური ფასი დაახლოებით 100 მილიონი ლარია. ამ კონტრაქტის შესრულების შემდგ, სსსტც „დელტა“ საუდის არაბეთის სამეფოს სახმელეთო ძალებთან თანამშრომლობას გააგრძელებს და მას სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ასეულ ჯავშანმანქანას მიაწვდის.

შეკვეთილი ტექნიკის პირველი პარტია, რომელშიც 12 ერთეული ჯავშანმანქანა შედის, საუდის არაბეთში 30 იანვარს გაიგზავნება.