ლოჯისტიკური და საფოსტო ინდუსტრიის გერმანულმა გიგანტმა DHL-მა, გერმანიის ქალაქებში, ახალი ელექტრული ფურგონები გამოიყვანა, რომლებც ამიერიდან, კომპანიის კლიენტებისთვის გზავნილების მიღებას უზრუნველყოფენ. და რაც მთავარია, საკუთარი დანიშნულების შესრულებისას, DHL გარემოზე ზემოქმედებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

გერმანულმა კომპანიამ ახალი ავტომობილებით, რომლებსაც StreetScooter-ი ეწოდა, Volkswagen-ის წარმოების ვენები (Caddy) ჩაანაცვლა, რომლებიც შიდაწვის ძრავებითაა აღჭურვილი. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, DHL-ს ელექტრული ფურგონები სწორედ ვოლფსბურგელებისგან უნდა მიეღო, თუმცა შემდგომში საკუთარი ელექტრომობილების დამზადება გადაწყვიტა. ამის მიზეზი ისაა, რომ შეთავაზებულ ელექტრულ ფურგონებს სვლის საკმარისი სიშორე არ აღმოაჩნდა.

ამ ეტაპზე, DHL-ს უკვე 1 000 ცალი ელექტრული ფურგონი ემსახურება. ყოველი ვენი შემკვეთის მოთხოვნების შესაბამისად არის შემუშავებული და მათი ვარგისიანობის ვადა დაახლოებით 16 წელია. და ეს მაშინ, როცა ამ ავტომობილებს კვირაში ექვსი დღე და დღეში 10 საათი მოუწევთ მუშაობა. DHL-ს წლიურად 5 000 ცალი ასეთი ფურგონის დამზადება აქვს დაგეგმილი.

უნდა ითქვას, რომ DHL-ს თავისი ელექტრული ფურგონის არცერთი კომპონენტი თავად არ დაუმზადებია და მათ მიმწოდებლებისგან ღებულობს. მაგალითად, ელექტრული ძალური დანადგარი, რომელშიც ელემენტების ბლოკიც არის გაერთიანებული, Bosch-ის წარმოებისაა, ფარებს Hella აწარმოებს. ასევეა სხვა კომპონენტებიც.

DHL-ის ამგვარი ქმედებით, ფრიად განაწყენებული დარჩა მისი დიდი ხნის პარტნიორი Volkswagen-ი. მისმა მთავარმა აღმასრულებელმა მათიას მიულერმა პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ გაოცებულია DHL-ის ამგვარი ქმედებით და იმით, რომ ამ კომპანიამ დამოუკიდებლად ისე ააწყო მისთვის თვისობრივად უცხო პროდუქტის წარმოება, რომ ამის შესახებ პარტნიორებისთვის არაფერი უცნობებია.