სინგაპურულ კომპანია Vanda Electrics-ის შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი. მაგრამ ამიერიდან ყველას ეცოდინება, რომ ეს კომპანია ელექტრული ჰიპერ ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. „ყველას ეცოდინება“ ცოტა ხმამაღლა ნათქვამი კი არის, მაგრამ ყველაში ისინი იგულისხმებიან, ვინც საავტომობილო სიახლეებს ადევნებს თვალყურს. ასეთებს კი ჟენევის მოტორ შოუს სიახლეები არ გამორჩებოდათ.

ჩვენც გავიცნოთ ეს ავტომობილი, უცნაური სახელით Dendrobium. ის თავისი გარეგნობით თვალს იზიდავს, ტექნიკური მახასიათებლებით კი – ყურს. სინამდვილეში, კონცეპტუალური ავტომობილი ჯერ დასრულებული არ არის. მწარმოებელი ამბობს, რომ Dendrobium-ი ორი ელექტრო ძრავით აღიჭურვება, რომლებიც თითო ღერძს მოემსახურება.

წინა ძრავი ერთსაფეხურიან ტრანსმისიასთან და დიფერენციალთან არის დაკავშირებული. უკანა კი მრავალსაფეხურიან ტრანსმისიასთან წყვილში მუშაობს, რომელიც მაბრუნ ძალას დიფერენციალს გადასცემს. ასეთი შეთანწყობით და ამ ორი ძრავით, ჰიპერ ავტომობილს მაქსიმუმ 320 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია, ადგილიდან ასს კი 2.7 წამში ავითარებს.

Vanda Electrics-ის მთავარი აღმასრულებელი ლარისა ტანი ამბობს, რომ Dendrobium-ი ოცნების კულმინაციაა. მისი თქმით, კომპანიის დიზაინის ჯგუფმა ამ ავტომობილის ესკიზები ჯერ კიდევ 1990-იანებში შეიმუშავა. და მაშინვე ის თავის ეპოქას რამდენიმე წლით უსწრებდა. შემდეგ ელექტრული ტექნოლოგიები განვითარდა და პროექტსაც გადახედეს – ის ელექტრომობილი გახდა და საბოლოო სახე ახლახანს მიიღო.

ჰიპერ ელექტრომობილი კარბონის მონოკოკურ სტრუქტურაზეა აგებული და მისი ძარის ელემენტებიც კარბონისგან არის დამზადებული. მუხრუჭები კი კარბონ კერამიკულია. გარდა ამისა, ავტომობილს აეროდინამიკურად დახვეწილი ძირი, უკანა ორმაგი დიფუზორი და წინა სპლიტერი აქვს. ეს ყველაფერი ბორბლების გზის საფართან ჩაჭიდების გაზრდას ემსახურება. ავტომობილის გარეგნბაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ელემენტი, მისი LED უკანა სტოპ-ფარებია, რომლებიც უკანა ანტი ფრთის მეშვეობით უკავშირდება ერთმანეთს.

კომპანია „ვანდა“ აცხადებს, რომ თავის ელექტრულ ჰიპერ ავტომობილს 2020 წელს გამოუშვებს.