გერმანული გუნდის ქართველი მრბოლი დავით ქაჯაია, TCR-ის საერთაშორისო სერიის 2016 წლის სეზონის პირველი ეტაპის, ბაჰრეინის დიდი პრიზის შემდეგ, TCR-ის ორგანიზატორთა მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, პირველი ეტაპის ფანების რჩეულად დაასახელა.

სეზონის წინ, TCR-ის საერთაშორისო სერიის ვებგვერდმა დააწესა ნომინაცია ფანების რჩეული, რომელშიც ყოველი ეტაპის შემდეგ, ორი პილოტი შეეჯიბრება ერთმანეთს. მათ შორის ერთი ის იქნება, რომელიც ორ რბოლაში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, მეორეს კი TCR-ის კომისია ასახელებს. ბაჰრეინში კომისიამ დათა აირჩია იმისათვის, რომ „იბრძოლა ნერვების გარეშე, მწირი გამოცდილების მიუხედავად“. მწირ გამოცდილებაში იგულისხმებოდა, რომ დათა TCR-ის დებიუტანტია და წინაამძრავიანი მანქანებით რბოლის მცირე გამოცდილება აქვს.

ქართველმა მრბოლმა ორივე რბოლაში დააგროვა ქულები. უფრო საინტერესოა ისიც, რომ ქაჯაიამ მეორე რბოლაში, მიუხედავად იმისა, რომ სტარტზე ჩავარდნა ჰქონდა, თითქმის გამარჯვებულის ტემპში იასპარეზა. არადა, ამის საშუალებას მანქანა (ფოლკსვაგენ გოლფ Gti TCR) ნაკლებად აძლევდა. სწორედ ეს დააფასეს მის გამოსვლაში TCR-ის ვებგვერდის ვიზიტორებმა, რომელთა 83.8% ქართველს მიემხრო, 16.2% კი – ორივე რბოლი გამარჯვებულს, ესპანელ პეპე ორიოლას (სეატ ლეონ TCR).

„მიხარია, რომ პირველივე რბოლის შემდეგ, კანდიდატად მე ამირჩიეს და ბედნიერი ვარ, რომ TCR-ის ფანების ჯილდო პირველმა მივიღე. გულითად მადლობას ვუხდი სოციალური მედიის ყველა მომხმარებლებს, რომლებმაც ხმა მომცეს და რა თქმა უნდა ჩემს მეგობრებს და ჩემს საზღვარგარეთელ ფანებს, ვინც ჩემი კარიერის განმავლობაში, გვერდში მედგა. მე ყოველთვის ვგრძნობ მათს მხარდაჭერას და ძალიან მინდა, მათდამი ჩემი მადლიერება გამოვხატო“, – განაცხადა ქაჯაიამ.

მისივე თქმით, პირველი სარბოლო უქმეები შთამბეჭდავი იყო, თავისი დაძაბული და ძნელი ბრძოლებით, რომლებმაც სიამოვნება მიანიჭა. „ტექნიკური პრობლემების მიუხედავად, ჩემი დებიუტით კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ შემდეგი ეტაპი კიდევ უფრო საინტერესო იქნება. მე კი ვეცდები, არ გავაწბილო ჩემი გუნდი, მეგობრები და ფანები“, – დასძენს ქართველი მრბოლი.