TCR-ის საერთაშრისო სერიის ახალი სეზონი, დათა ქაჯაიამ პოულის მოგებით გახსნა. რუსთავის მოტორპარკზე ორი კვალიფიკაციის ჯამში, დათამ ერთადერთმა შეძლო წრის წუთსა და 41 წამზე ნაკლებში გავლა და დღევანდელ რბოლას მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს. მან მეორე საკვალიფიკაციო სესიაზე წრე 1 წუთსა და 40.693 წამში გაიარა და 0.593 წამით აჯობა უახლოეს მდევარ ატილა ტაშის (უნგრეთი, ჰონდა სივიკი).

ეს TCR-ის საერთაშორისო სერიაში ქაჯაიას და „ალფა რომეო ჯულიეტას“ პირველი პოულ პოზიციაა. ეს კი ორმაგად კარგი საბაბია იმისათვის, რომ ხვალ რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის ტრიბუნა რბოლების მონაწილეებს გავსებული დახვდეს.

„პოულზე ყოფნა საოცარ შეგრძნებაა და რა თქმა უნდა, ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჩემს პირველ პოულს სახლში, ჩემი ფანების და მხარდამჭერების წინაშე დავეუფლე. მადლობელი ვარ გუნდის ყველა წევრის, რომლებმაც შესანიშნავად იმუშავეს. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მანქანა დაფრინავდა. იმ ცვლილებებმა, რომლებიც მეორე პრაქტიკის შემდეგ, მის მომართვაში შევიტანეთ, კარგი შედეგები მოგვცა. დროში ასეთ დიდ სხვაობას არ ველოდი, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემის სწრაფი წრე დიდი მონდომებით გავიარე“, – რბოლის შემდეგ განაცხადა ქაჯაიამ.

„სიტყვებით მიჭირს გადმოცემა, თუ რას ნიშნავს ეს პოული ჩვენი გუნდისთვის, რომელმაც ამ პროექტში ძალიან ბევრი შრომა ჩადო. ეკრანზე რაც დავინახეთ, თვალებს არ ვუჯერებდით. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებულები ვართ. TCR-ის ახლო აღმოსავლეთის სერიაში მონაწილეობისას გავაცნობიერეთ, რომ უკეთ მომზადებულები ვიყავით. მაგრამ ამ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. აქ, საქართველოში, დავითის და ჩვენი სპონსორების ქვეყანაში პოულის მოპოვება, ემოციებს უფრო აძლიერებს. ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქართველი პარტნიორებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. დავითი უბრალოდ ფანტასტიური იყო. რა თქმა უნდა, ის ამ ტრასას კარგად იცნობს, თუმცა თავი არ დაუზოგავს და უზარმაზარ წნეხს გაუძლო. უნდა აღვნიშნო, რომ საქმისადმი მისი დამოკიდებულება აღმაფრთოვანებს: ის ბევრს მუშაობს, გისმენს და მუდმივად ვითარდება“, – ამბობს „GE-ფორს/რომეო ფერარის“ წევრი მიქაელა ჩერუტი, ვინც გასულ სეზონში თავადაც ასპარეზობდა „ალფა რომეო ჯულიეტათი“.

დათას პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე მეორე საუკეთესო დრო ჰქონდა. რაც მთავარია, თავისი „ჯულიეტას“ მომზადებით კმაყოფილი დარჩა. თუმცა ის კი აღნიშნა, რომ მანქანას ზოგ მოსახვევში ჭარბი მოხვევადობა ჰქონდა. პირველ კვალიფიკაციაზე საუკეთესო დრო იტალიელმა რობერტო კოლჩაგომ დააფიქსირა. დათა მას თითქმის 0.2 წამით ჩამორჩა. მაგრამ მეორე კვალიფიკაციაზე, საკუთარი დრო 1.275 წამით გააუმჯობესა და ყველასთვის მიუწვდომელი დარჩა. ტაშის ორივე სესიაზე მეორე საუკეთესო დრო ჰქონდა.

მესამე დროც უნგრელ ფერენც ფიჩას (სეატ ლეონი) ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ტაში 17 წლისაა, ფიჩა კი 20-ის. თავისუფალი ვარჯიშებიდან მოყოლებული, ორივე ყველა სესიაზე საუკეთესოთა შორის იყო და რბოლაშიც დათას მთავარი მეტიოქეები იქნებიან. მეოთხე პოზიციას ფრანგი ჟან-კარლ ვერნეი დაიკავებს, რომელიც კვლავ „ლეოპარდის“ „ფოლკსვაგენ გოლფით“ ასპარეზობს. მხოლოდ მეექვსე შედეგს დასჯერდა ვერნეის ყოფილი თანაგუნდელი და სერიის ორგზის ჩემპიონი სტეფანო კომინი (შვეიცარია), ვინც ახალი სეზონიდან „აუდი RS3-ით“ ასპარეზობს.

მოწინავე ექვსი პოზიცია, ხუთი სხვადასხვა ბრენდის ავტომობილებით მოასპარეზე პილოტებმა დაინაწილეს. მათ შორის ვერ მოხვდა „ოპელ ასტრა“, რომელიც „აუდის“ მსგავსად, TCR-ში დებიუტანტია. დათას თანაგუნდელი დუშან ბორკოვიჩი მე-13 დროს დასჯერდა. რბოლის შემდგომ მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით უჭირს ახალ მანქანასთან შეგუება, რაც მის კარიერაში პირველად ხდება. პირველ კვალიფიკაციაზე მას კარგი დროის ჩვენებაში ტექნიკურმა პრობლემამაც შეუშალა ხელი.

საკვალიფიკაციო დღის სიურპრიზი გახდა ტრასაზე „GE-ფორსის“ მესამე „ჯულიეტას“ გამოსვლა. მის საჭესთან კი რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის მფლობელი, შოთა აფხაზავა იჯდა, რომელმაც მოგვიანებით, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, ლეჯენდსის კლასშიც იასპარეზა. აფხაზავამ TCR-ის კვალიფიკაციაზე მე-16 დრო დააფიქსირა, ლეჯენდსის კლასში კი გაიმარჯვა, თუმცა ტრასის ლიმიტის რამდენჯერმე დარღვევის გამო, მსაჯებმა დააჯარიმეს და საბოლოოდ, კვარცხლბეკზე ასვლაც ვერ შეძლო.