ქართველი მრბოლელი, ვინც გასულ სეზონში ტურინგის კლასის ევროპული თასის გამარჯვებული გახდა, ახალი სეზონიდან გაცილებით მაღალ დონეზე, TCR-ის (ტურინგ ქარ რეისინგ) საერთაშორისო სერიაში იასპარეზებს, რომელიც ამავე კლასის მსოფლიო ჩემპიონატის WTCC განაყოფია და ამავე სერიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მარჩელო ლოტიმ ჩამოაყალიბა. სერია ყველა კონტინენტს მოიცავს და მისი რამდენიმე ეტაპი, ფორმულა 1-ის ზოგიერთი რბოლის მხარდაჭერის რბოლის სტატუსით ისარგებლებს.

ქაჯაიამ კონტრაქტი გერმანულ გუნდ „ენგსტლერთან“ გააფორმა, რომელთან ერთადაც, ETCC-ს TC2T კლასის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ქართველმა მრბოლმა 12-დან 9 რბოლა მოიგო და ყველა რბოლაში, ტოლსწორად ეპაექრებოდა „სეატის“ მონო სერიის მონაწილეებს, რომლებიც უფრო მძლავრი და მსუბუქი ავტომობილებით ასპარეზობდნენ. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ გუნდის მფლობელმა და თავადაც წარსულში სახელოვანმა მრბოლმა, ფრანც ენგსტლერმა, დათას უყოყმანოდ შესთავაზა კონტრაქტი.

TCR-ის საერთაშორისო სერიის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად ის ფაქტი კმარა, რომ მასში მონაწილეობას რამდენიმე საავტომობილო კომპანია მიიღებს. მათ შორისაა „ფოლკსვაგენი“, „სეატი“, „ჰონდა“, „ვოლვო“, „ალფა რომეო“, „ოპელი“. ყველა მათგანს ტურინგის კლასში ასპარეზობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს და რაც მთავარია, ისინი ახალი სეზონისთვის დიდი მონდომებით ემზადებიან. სხვათა შორის, TCR-შივე გააგრძელებს გამოსვლას სერბი დუშან ბორკოვიჩიც, რომელმაც გასულ სეზონში, ETCC-ზე „სეატის“ მონო სერიის ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ის კვლავაც „სეატ ლეონით“ იასპარეზებს.

„ენგსტლერ მოტორშპორტს“ ჯერჯერობით სხვა პილოტები არ დაუსახელებია. როგორც დათამ გვითხრა, დიდი ალბათობით, მისი თანაგუნდელი რუსი მიხაილ გრაჩოვი იქნება, რომელმაც TCR-ის სერიაში გასულ სეზონში მერვე ადგილი დაიკავა, რაც კარგი შედეგია. რაც მთავარია, გრაჩოვი გამოცდილი მრბოლია და მისი პარტნიორობა ქაჯაიას ძალიან გამოადგებს.

ასევე ჯერაც დაუზუსტებელი ინფორმაციით, გერმანულ გუნდს ჩემპიონატში მესამე მანქანაც ეყოლება, ოღონდ მასზე სხვადასხვა პილოტს დასვამენ. სავარაუდოდ, მათ იმ ქვეყნებში შეარჩევენ, სადაც საერთაშორისო სერიის რბოლები გაიმართება. დაბოლოს, დათას ახალი სარბოლო ბედაური ეყოლება „ფოლკსვაგენ გოლფის“ სახით, რომელსაც მოგვიანებით გაგაცნობთ.