უნგრეთში, ტრეკ ჰუნგარორინგზე, ტურინგის კლასის ავტომობილების ევროპული თასის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, სადაც დღეს, საკვალიფიკაციო რბოლაში, ქართველი დათა ქაჯაიას დებიუტი შედგა. ლეჯენდსის კლასის ავტომობილებით, ორ სხვადასხვა ევროპულ სერიაში, ზედიზედ სამი ტრიუმფის შემდეგ, ქართველი მრბოლი ETCC-ს ყველაზე პრესტიჟულ (მაგრამ არა ყველაზე სწრაფ), TC2T კატეგორიაში, „ბეემვეს“ (E90 320) ავტომობილით ასპარეზობს.

დათამ შესანიშნავად დაიწყო: პირველივე ეტაპის კვალიფიკაციაზე, თავის კლასში საუკეთესო დრო დააფიქსირა. აბსოლუტურში კი მე-6 დრო აქვს. პირველ ხუთ პოზიციაზე „სეატის“ მონო კლასის მონაწილენი განლაგდნენ. აღსანიშნავია, რომ ესპანური ავტომობილების ძრავებს, „ბეემვესაზე“ 20 ცხენის ძალით მეტი სიმძლავრე აქვს. ამასთან, ისინი უფრო დიდი ზომის საბურავებზე დგას და მათ უფრო მძლავრი მუხრუჭებიც ემსახურება.

kaja

კვალიფიკაცია წვიმაში ჩატარდა, რამაც ისედაც რთულ ჰუნგარორინგზე (რომელსაც დანიელ რიკარდო აღმოსავლეთის მონაკოდ მოიხსენიებს), პილოტებს საქმე კიდევ უფრო გაურთულა. დათას გუნდს კი უნებლიე შეცდომაც მოუვიდა – მანქანა მშრალი ამინდის შესაბამისად მოამზადა. ამის მიუხედავად, ქაჯაიამ შესანიშნავად იასპარეზა და პირველივე რბოლაში, თავის კლასში სტარტის პოულიდან აღების უფლება მოიპოვა.

ხვალ ორი რბოლა გაიმართება. პირველში პელოტონი მოძრაობაში აიღებს სტარტს, მეორე რბოლაში კი – ადგილიდან. ამასთან, მეორე რბოლაში, სტარტზე პილოტები პირველ რბოლაში დაკავებული ადგილების მიხედვით დაიკავებენ. ოღონდ, რვა საუკეთესო პილოტი რევერსულად განლაგდება.