მალე სუპერ ავტომობილების მწარმოებელთა ფართო სიას, კიდევ ერთი შეემატება. იტალიური კომპანია Dallara დამწყები სულაც არაა – მას სარბოლო ტექნიკის წარმოებაში ბევრი ვერ გაუწევს კონკურენციას. მის მიერ შემუშავებული შასით ასპარეზობენ როგორც ფორმულა 1-ში, ასევე ინდიქარსა და დაბალი კლასის სარბოლო სერიებში. მასვე მონაწილეობა აქვს მიღებული KTM-ის პოპულარულ სატრეკო მოდელ „X-ბოუს“ შექმნაში, მაგრამ აქამდე საკუთარი ავტომობილი არ გამოუშვია.

ახლა კი, როგორც ჩანს, ამის დროც დადგა. „დალარას“ დამაარსებელმა ჯან პაოლო დალარამ გადაწყვიტა, რომ მისი კომპანიის არსებობის 45 წლის შემდეგ, პირველი საგზაო ავტომობილი გამოუშვას. მას სახელად ასეც უწოდებენ – Stradale (ანუ საგზაო). რა თქმა უნდა, ის შუაძრავიანია, გარეგნულად კი სარბოლო პროტოტიპს ჰგავს. პირველ რიგში, ამ მსგავსებას „სტრადალეს“ კოკპიტი იწვევს, რომელიც შუშისაა და საბრძოლო თვითმფრინავის სანთლის მსგავსად, მთლიანად იხსნება.

Stradale ბაზარზე წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს და ამ ეტაპზე, მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. სუპერ ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ შასიზე აიგება და ამიტომ ის ძალიან მსუბუქი, დაახლოებით 800 კილოგრამი იქნება. მის ბაზაში Ford-ის სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი განლაგდება, რომელსაც ცისფერი ოვალი Focus RS-ზე იყენებს. იტალიური კომპანიის ინჟინრები ძრავის სიმძლავრეს 400 ცხენის ძალამდე გაზრდიან. ჯერჯერობით უცნობია, ძრავსთან წყვილში რა ტიპის ტრანსმისია იმუშავებს.

Dallara წლიურად მხოლოდ 120 ცალი Stradale-ს გამოშვებას აპირებს. წარმოება კი ხუთი წელი გაგრძელდება.