Daimler-ი აცხადებს, რომ მისთვის წყალბადის ფიჭური ელემენტების ტექნოლოგიებზე მუშაობა პრიორიტეტი აღარაა და ამ მიმართულებით მუშაობის ნაცვლად, თავის რესურსს სრულად ელექტრული მოდელების წარმოებისკენ მიმართავს.

შტუტგარტში, საავტომობილო კონგრესზე გამოსვლისას, Daimler-ის მთავარმა აღმასრულებელმა დიტერ ცეტშემ განაცხადა, რომ პრიორიტეტის შეცვლის მთავარი მიზეზი, წყალბადის ტექნოლოგიების სიძვირე და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განუვითარებლობაა. ეს იმ დროს, როცა ელექტრომობილების ელემენტების ფასები მკვეთრად ეცემა.

„ელემენტების ფასებნი სწრაფად ეცემა, წყალბადის ელემენტების წარმოება კი ძალიან ძვირია“, – ამბობს ცეტშე. მისმა კომპანიამ რამდენიმე ექსპერიმენტული მოდელი შეიმუშავა, რომლებიც წყალბადის ელემენტებით არის აღჭურვილი. მათ საგზაო გამოცდები უტარდება.

გერმანული გიგანტისთვის პრიორიტეტი სუფთა ელექტრომობილებია, რომლებისთვისაც ცალკე ქვე-ბრენდი EQ დაარსდა. თუმცა ის ფიჭურ ელემენტებზე საბოლოოდ უარის თქმას ჯერ არ აპირებს. კომპანია მალე მომხმარებელს წყალბადის ელემენტებზე მომუშავე Mercedes-Benz GLC F-Cell-ს შესთავაზებს. ეს ავტომობილი მცირე სიმძლავრის ფიჭური ელემენტების ბლოკითაა აღჭურვილი, რომელიც 9-კილოვატსაათიან ბატარეას მუხტავს.

ამ ავტომობილის სვლის სიშორე 500 კილომეტრია. წყალბადზე მომუშავე სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით, GLC F-Cell-ის ელემენტები შტეპსელიდანაც იმუხტება, რაც მის ექსპლუატაციას აადვილებს. მაგრამ ენერგიის შესანახი ელემენტების მცირე ტევადობის გამო, მხოლოდ მათ ხარჯზე სვლის სიშორე გაცილებით მცირე იქნება.