არაა გამორიცხული, რომ მალე ფორმულა ერთში სარბოლო ძრავების მწარმოებელი კომპანია „კოსუორტი“ დაბრუნდეს. ეს კი იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ ახალი ტექნიკური რეგლამენტი, ეგრეთ წოდებული ალტერნტიული ძრავების გამოყენებას დაუშვებს. ასეთი კი შეიძლება იყოს როგორც V6 წყვილ ტურბოიანი, ასევე ატმოსფერული V8 ძრავები, როგორებსაც გუნდები ახალი ტურბო ეპოქის დაწყებამდე იყენებდნენ.

ორი ტიპის ძრავების ერთდროულად გამოყენების იდეა ბერნ ეკლსტოუნს მოსწონს: „ჩვენ უნდა გვქონდეს იმის საშუალება, რომ ზოგ გუნდს, სხვანაირი ძრავების გამოყენების საშუალება ჰქონდეს. ასეთ ძრავებს ტურბო აგრეგატების მსგავსი მახასიათებლები ექნება და ნაკლები ეღირება. კონსტრუქტორებისთვის კი ყველაფერს ხელუხლებლად დავტოვებთ, მათ არ შევეხებით“.

იმ შემთხვევაში, თუ ორი ტიპის ძრავების გამოყენება დასაშვები გახდება, დიდი ალბათობით, ძრავების ახლანდელი მწარმოებლები, ალტერნატიული აგრეგატების მიწოდებაზე თავს არ შეიწუხებენ. სწორედ ეს შეიძლება გახდეს იმის საბაბი, რომ „კოსუორტმა“ და სხვა მსგავსი პროფილის კომპანიებმა, ფ1-ში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღონ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ალტერნატიული ძრავების იდეა, ნაწილობრივ სწორედ „კოსუორტისგან“ მოდის. ამ საკითხზე ფ1-ის სტრატეგიულმა ჯგუფმა უკვე იმსჯელა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ამ მიმართულებით მთავარი წინაღობა ისევ ზედმეტი დანახარჯებია. თანაც სავარაუდოდ, ძრავების ახლანდელი მწარმოებლები, ალტერნატიული ძრავების გამოყენებას შეეწინააღმდეგებიან.

„კოსუორტის“ პრესმდივანი ამბობს, რომ მისი კომპანიისთვის ფ1-ის კარი ყოველთვის ღიაა, მაგრამ დაბრუნება ჯერჯერობით არ განიხილება. კომპანიას საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება აქვს. ესენია სერიული ავტომობილების, სატუნინგო და მოტორსპორტისთვის საჭირო აგრეგატების წარმოება. „კოსუორტს“ აქვს იმის ტექნიკური და საწარმოო შესაძლებლობები, რომ სამივე სფეროში უმაღლესი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

„ფ1-ს ჩვენი კომპანიის ბიზნესში ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი. და „კოსუორტი“ სპორტთან ყოველთვის ახლოს იქნება. თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ სპეციფიკური ჭორების კომენტირებას“, – ნათქვამია „კოსუორტის“ პრესმდივნის განცხადებაში.