საბურავების მწარმოებელმა კომპანია Continental-მა უსადენო დასამუხტი სისტემა შეიმუშავა, რომლის პრემიერაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. ახალი სისტემა ინდუქციურ დამუხტვას ითვალისწინებს და ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ერთი გზის საფარში თავსდება, მეორე კი – ავტომობილის ძირზე.

ორივე ნაწილის სტრუქტურაში ელექტრო სადენების ხვეულები შედის, რომელთა შორის წარმოქმნილი ელექტრო მაგნიტური ველის მეშვეობითაც, გზიდან ენერგია ავტომობილს გადაეცემა. Continental-ის სისტემის თავისებურება ისაა, რომ ის მძღოლს სიგნალს აძლევს მაშინ, როცა ავტომობილი გადამცემ წერტილის თავზე იმყოფება.

სისტემა ჯერჯერობით წინასერიული კონცეპტუალური პროტოტიპის სახით არსებობს. მისი სიმძლავრე 11 კილოვატია და ავტომობილს 30 წუთში იმდენ ენერგიას აწვდის, რომ მან დამატებით 25 კილომეტრზე მეტის გავლა შეძლოს. კომპანია ვარაუდობს, რომ ასეთი სისტემები კარგად მოერგება პარკირების ადგილებს, სადაც დგომისას, ელექტრომობილები ენერგიის შევსებას შეძლებენ.