ბევრი ავტომოყვარული და სუპერ ავტომობილების გურმანი თვლის, რომ Ferrari F40 ყველა დროის საუკეთესო საგზაო ავტომობილია მათ შორის, რაც მარანელოელებს ოდესმე გამოუშვიათ. ის 1 311 ცალი დამზადდა, ანუ უფრო მეტი, ვიდრე F50, Enzo, და LaFerrari. მაგრამ მისი თითოეული ეგზემპლარი მაინც ძვირად ფასობს. მითუმეტეს, თუ ოდესღაც შოუბიზნესის სუპერ ვარსკვლავი ფლობდა.

მოკლედ, ახლახანს ლონდონურმა სადილერო კომპანია GVE-მ გასაყიდად გამოიტანა Ferrari F40, რომელიც ერთ დროს თვით ლეგენდარულ გიტარისტ ერიკ კლეპტონს ეკუთვნოდა, ვინც „ფერარის“ ავტომობილების ცნობილი თაყვანისმცემელიცაა. კლეპტონის შემდეგ, ავტომობილმა რამდენიმე პატრონი გამოიცვალა. მას სულ რაღაც, 11 000 კილომეტრი აქვს გავლილი და საუკეთესო მდგომარეობაშია.

ავტომობილის ახლანდელ მფლობელს ის 2003 წელს შეუძენია. 2008 წელს მან ავტომობილს საწვავის სისტემის რესტავრაცია ჩაუტარა. ავტომობილს მიღებული აქვს საქარხნო სერტიფიკატი Ferrari Classiche (ფერარი კლასიკე). GVE მას 925 000 გირვანქა სტერლინგად ჰყიდის, რაც 1.1 მილიონ დოლარზე მეტია.

„F40 ერთ-ერთი გამორჩეული სუპერ ავტომობილი იყო 1980-იან წლებში. ის თანმედროვე კლასიკური ავტომობილია, რომელიც სადაც გაივლის, ყველას მზერას იზიდავს. აქაც, ჩვენს შოურუმში ბევრი დაინტერესდა მისით. და ფაქტი, რომ მას ოდესღაც ერიკ კლეპტონი ფლობდა, კიდევ უფრო მიმზდველს ხდის“, – ამბობს GVE-ს დევიდ რეი.

ცნობისათვის, ერიკ კლეპტონის მფლობელობაში, Ferrari-ს არაერთი ავტომობილი ყოფილა. მათ შორის კი ერთ-ერთი გამორჩეულია მისი შეკვეთით დამზადებული Ferrari SP12 EC, რომელიც მარანელოელებმა 2012 წელს, 458 Italia-ს ბაზაზე შექმნეს.