სულ სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც Citroen-მა პირველად წარმოადგინა თავისი სარბოლო ავტომობილი, რითაც რალის მსოფლიო ჩემპიონატში მომავალი სეზონიდან ჩაერთვება და ამ მოკლე დროში, ეს აგრესიული გარეგნობის მქონე ავტომობილი, უკვე საფრანგეთის გზებზე ტესტებზე გამოვიდა, რათა ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. ის ჯერ ასფალტიან გზებზე ემზადება, შემდეგ კი გრუნტზეც გადაინაცვლებს.

სარბოლო ავტომობილი 55 მილიმეტრით განიერია თავის სერიულ ვერსია Citroen C3-ზე, აქვს დიდი ზომის ჰაერის ამღები ჭრილები, უკანა დიფუზორი, ზორბა უკანა ანტი ფრთა და უსაფრთხოების ის ელემენტები, რომლების გამოყენებაც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მოთხოვნებით არის სავალდებულო. რაც მთავარია, ავტომობილი აღჭურვილია 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 380 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამასთან ავტომობილის წონა 25 კილოგრამით არის შემცირებული.

Citroen C3 WRC 1

სარბოლ ავტომობილს პირველი ტესტები გრუნტზე ჩაუტარდა, თუმცა მალევე ასფალტზე გადაინაცვლა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის (WRC) ეტაპების უმეტესობა ასფალტიან გზებზე ტარდება. ამ ტესტების მიზანი დაკიდების სისტემის კალიბრაცია და სხვადასხვა პირობებისადმი მორგებაა. ფრანგული კომპანიის საქარხნო გუნდის ტექნიკურ დირექტორ ლორენ ფრეგოსის თქმით, გრუნტზე ავტომობილის გამძლეობის ტესტები ჩატარდა. ის ამბობს, რომ ჩემპიონატის ეტაპები, რომლებიც გრუნტიან გზებზე იმართება, გზის საფარით მაინც განსხვავებულია. ასფალტი კი მეტნაკლებად ყველგან ერთნაირია.

ფრეგოსის თქმით, ასფალტზე რბოლისთვის მომზადებისას, ინჟინრების მთავარი მიზანი, კლირენსის შემცირება და საკიდარის სიხისტის გაზრდაა. ტრანსმისიის კინემატიკა კი 18-დუიმიან ბორბლებზეა მორგებული. დიდი ზომის ბორბლებმა ინჟინრებს უფრო მძლავრი სამუხრუჭე სისტემის გამოყენების საშუალება მისცა, რომლის გაგრილებაც წყლით ხდება. ძარის დამცავი სტრუქტურა უფრო შემსუბუქებულია.

Citroen C3 WRC 2

ფრეგოსი ამბობს, რომ პირველი ტესტების დროს, პილოტებმა შეაფასეს მექანიკური პარამეტრები, მაგალითად საკიდარის ზამბარების სიხისტე, განივი მდგრადობის ძელი, ასევე დიფერენციალი. საერთო ჯამში, გუნდი და პილოტები ჩატარებული სამუშაოთი კმაყოფილები არიან. რაც მთავარია, მანქანის გამძლეობამ, მათ მრავალი სატესტო კილომეტრის გავლის საშუალება მისცა.

2017 წლის სეზონის პირველი ეტაპი, მონტე კარლოს რალი, 16 იანვარს გაიმართება.