Chevrolet-მ თავის პოპულარულ მასქლ ქარ Camaro-ს ახალი თაობის სატრეკო ვერსია ZL1 შეიმუშავა, რომელის პრემიერაც მალე, ნიუ იორკის ავტო შოუზე გაიმართება. ახალი ავტომობილი 6.2-ლიტრიანი LT4 V8 ძრავით აღიჭურვა, რომელიც მექანიკური კომპრესორის დახმარებით, 640 ცხენის ძალას და 868 ნიუტონმეტრს ანვითარებს.

Chevrolet-Camaro-ZL1

მართალია, ეს მონაცემები 10 ცხენის ძალით და 13.5 ნიუტონმტერით ნაკლებია ამავე ძრავის სხვა ვერსიისაზე, რომელიც Corvette Z06-ს ამოძრავებს, მაგრამ 60 ცხენის ძალით და 114 ნიუტონმეტრით სჯობნის წინა თაობის Camaro ZL1-ის 6.2-ლიტრიანი LSA V8 ძრავის მონაცემებს. უფრო მეტიც, ახალი ZL1 მკაცრ დიეტაზეც დასვეს, რის შემდეგაც წონაში 91 კილოგრამი დაიკლო.

General Motors-ი ჯერჯერობით ახალი Camaro ZL1-ის დინამიკურ მონაცემებს არ აქვეყნებს, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ის წინამორბედზე სწრაფი და ტემპერამენტიანი იქნება. ძველ ZL1-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა, მექანიკური კოლოფით 4.0 წამში, ავტომატურით კი 3.9 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი შესაბამისად, 290 და 296 კილომეტრია საათში.

031616-camaro-zl1-art-4

რაც შეეხება ტრანსმისიას, არჩევანშია 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი და 10-საფეხურიანი ავტომატი, რომელიც Ford-ის და General Motors-ის ერთობლივი პროდუქტია. მექანიკურ კოლოფს, ლილვების ბრუნვების გამთანაბრებელი მექანიზმი აქვს. ეს კოლოფი სტანდარტულ აღჭურვილობაში შევიდა. რაც შეეხება ავტომატს, მისი საფეხურების გადართვა, საჭის რგოლთან არსებული ბერკეტებით ხდება. ამ კოლოფს გენერლები თავიანთ რვა მოდელზე გამოიყენებენ.

ახალი Camaro ZL1 ასევე აღჭურვილია საკიდარის სისტემა მაგნეტიკ რაიდით, ჩაჭიდების მართვის სისტემით, ელექტრონიკით მართვადი, გაზრდილი ხახუნის დიფერენციალით, ლონჩ კონტროლით და მართვის რეჟიმის შესარჩევი სისტემით. ავტომობილი 20-დუიმიან ალუმინის ნაჭედ ბორბლებზე დგას, რომლებიც Goodyear-ის 285/30ZR20 (წინები) და 305/30ZR20 (უკანები) საბურავებით არის შემოსილი. ავტომობილის შენელებას Brembo-ს მუხრუჭები უზრუნველყოფენ, რომელთაგან წინებს ექვსი ცილინდრი აქვს, უკანებს კი – ოთხი.

031616-camaro-zl1-art-1

ახალ Camaro ZL1-ს აეროდინამიკურ მილში ტესტების 100 საათი აქვს გატარებული, რა დროსაც, მისი აეროდინამიკის გარდა, გაგრილების სისტემაც დაიხვეწა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ავტომობილს რადატორის უზარმაზარი ცხაური აქვს. მისი დანიშნულება არამხოლოდ ძრავის გაგრილება და მისთვის ჰაერის მიწოდებაა, არამედ აეროდინამიკის გაუმჯობესებაც – აქ „შეგროვილ“ ჰაერის ნაკადს საჭირო მიმართულება ეძლევა, რაც ავტომობილის მდგრადობას და გარსშემოდენილობას აუმჯობესებს.

ახალი კაპოტიც, რომელსაც აქვს კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული სეგმენტი და ძრავის სეგმენტიდან ცხელი ჰაერის გამომშვები ჭრილი. საბარგლის უკანა ნაწილზე დამაგრებულია ანტი ფრთა, წინ და გვერდბზე კი სპლიტერებია განლაგებული. გაიზარდა ბორბლების თაღები, რათა იქ ზორბა ბორბლები ჩატეულიყო.

ახალი Chevrolet Camaro ZL1-ის გაყიდვები წლის მწურულს დაიწყება.